სიტყვიდან საქმეზე: საქართველოს პრემიერი სომხეთთან მომავალ ურთიერთობებზე

თბილისში ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის მონაწილეობით უწყებათშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა მიმდინარეობს.
Sputnik
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. საქართველო და სომხეთი სიტყვიდან რეალურ საქმეზე უნდა გადავიდნენ, განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო–სომხეთის უწყებათშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის გახსნაზე, რომელშიც სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანიც მონაწილეობს.
უწყებათშორისი ეკონომიკური კომისიის მე-11 სხდომა ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ეს ვერ მოხერხდა.

„ჩვენ ვართ დაინტერესებული, ჩვენ შორის არსებული ძალიან მჭიდრო, მეგობრული თანამშრომლობა ახლა უკვე გადაითარგმნოს, კონვერტირდეს რეალურ საქმედ. უნდა განვავითაროთ სავაჭრო, ეკონომიკური ურთიერთობები, ვისაუბროთ რეგიონულ პროექტებზე, ინფრასტრუქტურაზე, სხვა პროექტებზე, რომლებიც საინტერესო იქნება ორივე ქვეყნისთვის და სწორედ ამ მოტივით შევიკრიბეთ დღეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან მადლობა გადაუხადა სომეხ კოლეგას იმის გამო, რომ უწყებათშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა პრემიერ-მინისტრების დონეზე ტარდება ორმხრივი ინიციატივისა და შეთანხმების საფუძველზე.
„ეს არის თქვენი რიგით მეორე ვიზიტი საქართველოში. ასევე მინდა კმაყოფილებით ვთქვა, რომ მეც ორჯერ ვიყავი ერევანში ოფიციალური ვიზიტით. ეს მართლაც მიუთითებს ჩვენ შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და კეთილგანწყობაზე. მინდა ამ განწყობისთვის, დამოკიდებულებისთვის მადლობა გადაგიხადოთ“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილი ფაშინიანს: მზად ვართ რეგიონში მშვიდობისთვის მნიშვნელოვანი როლი შევასრულოთ
საქართველოს პრემიერის თქმით, ურთიერთობები საქართველოსა და სომხეთს შორის უმაღლეს დონეზეა.
„სიამაყითა და სიამოვნებით შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ურთიერთობა არ ყოფილა ჩვენს ქვეყნებს შორის. ჩვენ ყოველთვის გვქონდა მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ჩვენი დამსახურებაა ის, რომ ქვეყნებს შორის, მთავრობებს შორის არანაირი გაუგებრობა არ არის და გვაქვს მართლაც იდეალური ურთიერთობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები ბევრი მიმართულებით თანამშრომლობენ, განსაკუთრებით ინტენსიურია თანამშრომლობა ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროში. ქვეყნებს შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში შედის.
მიზანი – 1 მლრდ დოლარი: ფაშინიანმა საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერება შესთავაზა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ–ნოემბერში საქართველოსა და სომხეთს შორის საქონელბრუნვამ 611,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდზე 10%-ით მეტია.