სად გარბის ლარი? ანუ ეროვნული ვალუტის წინასაახალწლო განწყობა

გაზაფხულიდან მოყოლებული ეროვნული ვალუტა მყარდება, გაცვლითი კურსი სტაბილურია. როგორია ლარის პერსპექტივა ახლო და საშუალოვადიან პერიოდში, შეინარჩუნებს თუ არა ეროვნული ვალუტა გამყარების ტრენდს, რა რესურსი აქვს ლარს?
Sputnik
მართალია, დეკემბრის მეორე ნახევარი ეროვნულმა ვალუტამ მცირედი გაუფასურებით დაიწყო, ისიც ფაქტია, რომ უკვე რამდენიმე თვეა ლარის გაცვლითი კურსი გამყარებისა და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, სტაბილურობის ტენდენციას ინარჩუნებს. მხოლოდ დეკემბრის თვის დასაწყისიდან მოყოლებული ლარი ამერიკული დოლარის მიმართ 2,8 თეთრით გამყარდა და 1 ამერიკული დოლარის ღირებულებამ 3,10 ლარამდე დაიწია. კარგი იქნება, სამიან ნიშნულს ჩამოსცდეს − ბრძანებს მკითხველი. რატომ ორიან ნიშნულს არა? − მივუგებ პასუხად და აქვე დავძენ, ყველაფერს აჯობებს, ეროვნული ვალუტა 2012 წლის დეკემბრის მეორე ნახევრის პოზიციას დაუბრუნდეს, როდესაც 1 ამერიკული დოლარის ფასმა 1,66 ლარი შეადგინა. რატომაც არა?! − თავის მხრივ ჩაილაპარაკებს მკითხველი.
რა ბედი ეწევა საპენსიო დანაზოგს?
ერთი სიტყვით, სურვილებში გაჯიბრება შორს წაგვიყვანს, მჯობნის მჯობნი ვერსია არ დაილევა. ახლა გთავაზობთ, ჯერ მოკლე ისტორიული ექსკურსით დავკავდეთ, გადავხედოთ ეროვნული ვალუტის გაუფასურების დინამიკას, გავარკვიოთ, მაინც რამ განაპირობა ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ლარის დაახლოებით 89 პროცენტით გაუფასურება, ხოლო შემდეგ დავინტერესდეთ, მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში რამდენად მოსალოდნელია ლარის გაცვლითი კურსის გამყარება. არ არის მარტივი ამოცანა, თუმცა თანმიმდევრულად მივყვეთ.
ეროვნული ვალუტის გაუფასურების პირველი ნიშნები ჯერ კიდევ 2013 წლის მესამე კვარტალში გამოჩნდა და უკვე წლის ბოლოს ამერიკული დოლარის მიმართ ლარის კურსი 1,73 ნიშნულზე დაეცა. ეროვნული ვალუტა მომდევნო წელსაც გაუფასურდა და უკვე 2014 წლის დეკემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,5 პროცენტით, 1,86 ნიშნულამდე დაეცა. 2015 წლის იანვრის ბოლოს ლარმა ე.წ. ფსიქოლოგიური ბარიერიც გადალახა, 1 ამერიკული დოლარის ფასმა 2,00 ლარს გადააჭარბა. წლის ბოლოს კი ამერიკული დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის კურსმა 2,39 ლარი შეადგინა. მომდევნო წლის დეკემბერში ლარი 10,4 პროცენტით გაუფასურდა და გაცვლითი კურსი 2,6468 ნიშნულამდე დაეცა. 2017 წელი, მართალია, მეტ-ნაკლებად სტაბილური გამოდგა და წლის განმავლობაში ლარი 1,9 პროცენტით გამყარდა, თუმცა უკვე მომდევნო წლის ბოლოს ეროვნული ვალუტის კურსი 2,67 ნიშნულზე დაფიქსირდა. 2019 წლის განმავლობაში კი ლარის კურსი 2,97 ნიშნულამდეც დაეცა. თუმცა მომდევნო წელს ეროვნული ლარი 2,86-ის ნიშნულზე შეხვდა. ამ დროს ყველას უკვე ერთი კითხვა აწუხებდა – გადალახავდა თუ ლარი სამიან ნიშნულს. პასუხმაც არ დააყოვნა, COVID-19-ის პანდემიის გამოცხადებიდან მალევე ეროვნული ვალუტის გაცვლითმა კურსმა ახალი ფსიქოლოგიური ბარიერიც გადალახა და წლის ბოლოს 1 ამერიკული დოლარი 3,27 ლარი ღირდა. მიმდინარე წლის დასაწყისში ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება განაგრძო და აპრილის ბოლოს ლარის კურსი 3,4529 ნიშნულამდე დაეცა. მას შემდეგ მოყოლებული ეროვნული ვალუტა მყარდება. რა იყო ლარის გაუფასურების მიზეზი?
ვის რამდენით და რატომ გაუძვირდა კრედიტი?..
ანალიტიკოსთა აბსოლუტური უმრავლესობა ლარის გაუფასურების ფაქტორებს შორის ყველაზე ხშირად საგარეო შოკებს ასახელებს. თუ გადავხედავთ უახლესი წლების ისტორიას, დავრწმუნდებით, რომ მსოფლიოსა და ჩვენს რეგიონს მშვიდი პერიოდი არ ჰქონია. მაგალითად, საომარი მოქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში. ეს ქვეყანა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო და სტრატეგიული პარტნიორია. თუ 2013 წელს უკრაინაში ექსპორტის მოცულობა 198 მილიონი დოლარი იყო, უკვე მომდევნო ორი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი ჯერ 140 შემდეგ კი 60 მილიონ დოლარამდე დაეცა.
საგარეო ფაქტორებს შორის ანალიტიკოსები ასევე გამოყოფენ 2014-2016 წლების ნავთობის კრიზისს, როდესაც ნედლი ნავთობის ფასების თითქმის 68 პროცენტით შემცირებამ, გარდა უშუალოდ ნავთობმომპოვებელი ქვეყნებისა, ევროპისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკური ზრდის ტემპიც შეამცირა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეროვნულ ვალუტაზე ნეგატიური გავლენა ჰქონდა და დღესაც აქვს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის, თურქეთის სავალუტო კრიზისსაც. მკვეთრად გაუფასურდა თურქული ლირა, მაღალია ინფლაცია.
არახალია, გადამწყვეტი ფაქტორი COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული გლობალური ეკონომიკური კრიზისი აღმოჩნდა. გასული წლის გაზაფხულიდან მოყოლებული რამდენიმე თვის განმავლობაში ჯერ „ლოკდაუნმა“ და შემდეგ წერტილოვანმა შეზღუდვებმა ქვეყნის საფინანსო და ეკონომიკურ სისტემას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. 2020 წელს ტურიზმის სექტორი ფაქტობრივად გაჩერდა და ტურისტული შემოსავლებიც განულდა. ასევე მკვეთრად შემცირდა უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა, საგარეო ვაჭრობაში ექსპორტისა და იმპორტის უარყოფითი ბალანსი კიდევ უფრო გაიზარდა. ცალკე საკითხია შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ეს პროცესი 2017 წლიდან გამოიკვეთა და, ბუნებრივია, COVID-19-ის პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გამძაფრდა.
რა გაიზარდა, რა შემცირდა და რამდენია ინფლაციის წლიური მაჩვენებელი?
გაუარესებულ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს დაერთო ნეგატიური მოლოდინები. ამ ყველაფერმა ერთად ეროვნულ ვალუტას ფსკერზე დაშვებისკენ უბიძგა. ანალიტიკოსები შიდა ფაქტორებზე საუბრისას ყურადღებას ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაზე ამახვილებენ. თავად ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ქვეყანაში თავისუფალი მცურავი სავალუტო კურსია და ხელოვნურად კურსის დაჭერა მიზანშეწონილი არ არის. რა მოუტანა ქვეყანას ლარის თავისუფალი სტილით ცურვამ, ამ საკითხზე ბევრი დამიწერია და ამჯერად ყურადღებას აღარ დავუთმობ. ახლა დროა სტატიის დასაწყისში დასმულ მეორე კითხვას გავცეთ პასუხი. არის თუ არა მოსალოდნელი ეროვნული ვალუტის უახლოეს მომავალში გამყარება?
ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ ლარი გამყარების ტენდენციას სულ ცოტა წლის ბოლომდე შეინარჩუნებს, შემდეგ კი წონასწორობის ახალ ნიშნულზე გაჩერდება.
„ბოლო პერიოდის დინამიკა აჩვენებს, რომ ლარი მყარდება როგორც გაუმჯობესებული ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების, ასევე წინასაახალწლო ფაქტორის გამოც. გასულ წლებში ჩვენ გვახსოვს თურქული ლირის რყევების საკმაოდ ნეგატიური ზეგავლენა ლარის კურსზე, რაც ნეგატიური მოლოდინების წყარო იყო და ბაზარზე აჟიოტაჟს ქმნიდა“, − წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე. როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებიდან უნდა გამოიყოს მიმდინარე წლის თერთმეტ თვეში ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი − 10,5 პროცენტი, და მიმდინარე ანგარიშის შემცირებული დეფიციტი. მისივე შეფასებით, ეროვნული ვალუტის გამყარებაზე დადებითად იმოქმედა, სექტემბრიდან მოყოლებული, ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ. ასევე მნიშვნელოვანი იყო გასული წლის ბოლოს უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე დარეზერვების განაკვეთის შემცირება, რამაც ბაზარზე დამატებით დაახლოებით 700 მილიონი დოლარის მიმოქცევას შეუწყო ხელი. არის სხვა ფაქტორებიც.
ვინ დაარიგებს გაისად პენსიას და რამდენი იქნება საპენსიო სესხის პროცენტი?
„ეროვნული ვალუტის გამყარებაზე ტრადიციულად პოზიტიურად აისახა დეკემბრის ეფექტიც. როდესაც იურიდიული პირები და, პირველ რიგში, იმპორტიორები უკვე ნოემბრის ბოლოს რიცხავენ უცხოურ ვალუტას დეკემბერში წინასაახალწლოდ საქონლის შემოსატანად, ანუ ძირითადი მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე, მათ შორის საგარეო ვალების მომსახურების ნაწილიც, ნოემბერზე მოდის. თუ გავითვალისწინებთ, რომ დეკემბერში ისედაც იზრდება უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა, ხოლო ისინი, ვისაც დანაზოგები უცხოურ ვალუტაში აქვს, საახალწლო პროდუქციის შესაძენად ლარის შესყიდვას იწყებენ, ეროვნული ვალუტის გამყარება დეკემბერშიც გაგრძელდება“, − წერს გიორგი ცუცქირიძე.
ერთი სიტყვით, ისეთი პირი უჩანს, თუ ქვეყნის გარეთ და შიგნით განსაკუთრებული არაფერი მოხდა, პირველად ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ლარი მომდევნო წელს წინა წელთან შედარებით უმნიშვნელოდ, მაგრამ გამყარებულ პოზიციაზე შეხვდება. რა მოხდება შემდეგ, რა ნიშნულს დაიკავებს ეროვნული ვალუტა, დრო გვიჩვენებს. საკამათო არ არის, რომ ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ სტაბილურობასთან ერთად მნიშვნელოვანია, როგორი იქნება გლობალური გამოწვევის, COVID-19-ის პანდემიის ნეგატიური გავლენა...
სამსონ ხონელი