თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. საქართველო ყოველთვის მზად არის მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილიზაციის მისაღწევად. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის გახსნაზე განაცხადა, რომელშიც მისი სომეხი კოლეგა ნიკოლ ფაშინიანი მონაწილეობდა.
კომისიის სხდომა ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ეს ვერ მოხერხდა.
„საქართველო ყოველთვის არის მოტივირებული, რომ ამ პროცესში (მშვიდობისა და სტაბილიზაციის მიღწევის) შეასრულოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი და სწორედ ამ მიზნით, მოგეხსენებათ, გამოვთქვი მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა. მინდა დაგიდასტუროთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა რეგიონის მასშტაბით და წვლილი შევიტანოთ მშვიდობისა და სტაბილურობის განვითარებისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველომ უარი თქვა მონაწილეობაზე იმ შეხვედრაში, რომელიც მოსკოვში პლატფორმის „3+3“ ფარგლებში ჩატარდა აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის, რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე.
უფრო ადრე საქართველოს ხელისუფლება ამ ფორმატის ალტერნატიული წინადადებით გამოვიდა.