მსოფლიო დღეს

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში „ომიკრონის“ გამო ზაფხულამდე გადაიდო

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში კორონავირუსის პანდემიის გამო მეორედ გადაიდო.
Sputnik
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიური შეხვედრა დავოსში კორონავირუსის ახალი შტამის – „ომიკრონის“ გამო გადაიდო, ნათქვამია WEF-ის განცხადებაში.
ყოველწლიური შეხვედრა დავოს-კლოსტერსში (შვეიცარია) 2022 წლის 17-21 იანვარს უნდა ჩატარებულიყო. ამჟამად ის ზაფხულის დასაწყისში დაიგეგმა.

„ამჟამინდელი პანდემიის პირობებში უკიდურესად რთულია გლობალური პირისპირ შეხვედრის ჩატარება. მზადება მიმდინარეობდა ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით და შვეიცარიის მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით ყველა დონეზე. მიუხედავად შეხვედრის მკაცრი სამედიცინო პროტოკოლებისა, „ომიკრონის“ შტამის გავრცელების სიჩქარემ და მისმა გავლენამ მგზავრობასა და გადაადგილებაზე ეს გადავადება აუცილებელი გახადა“, – აღნიშნეს WEF-ში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ოფიციალურად მიიწვიეს.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში კორონავირუსის პანდემიის გამო ზედიზედ მეორედ გადაიდო.
მოსალოდნელი იყო, რომ მის ფარგლებში მსოფლიო ლიდერების სპეციალური შეხვედრა გაიმართებოდა, რომელიც უნდა ყოფილიყო პირველი გლობალური სამიტი, სადაც პანდემიის შემდეგ ეკონომიკის აღდგენის პრობლემების განხილვა მოხდებოდა.