„მეოთხე ბრაიტონს“ საქართველოში დიდ ეკრანებზე უჩვენებენ

Sputnik
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის კინოაკადემიის პრემია „ოსკარზე" ნომინირებულ ლევან კოღუაშვილის ფილმ „მეოთხე ბრაიტონს“ ქართულ კინოთეატრებში 23 დეკემბერს უჩვენებენ, ნათქვამია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის განცხადებაში.
ფილმის ნახვა თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში იქნება შესაძლებელი.
„მეოთხე ბრაიტონი“ ოთხი ქვეყნის თანამშრომლობით არის შექმნილი, თანაპროდიუსერი კი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხია“. ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერები არიან არმენ ზულოიანი, თინათინ ბერძენიშვილი და რუსუდან მანჯგალაძე. „მეოთხე ბრაიტონის“ ძირითადი ნაწილი გადაღებულია ნიუ-იორკში ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, თანადამფინანსებელია საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“.
ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონი“ საუდის არაბეთში საუკეთესო ფილმად დასახელდა
ლევან კოღუაშვილის ფილმი გვიყვება ამაღელვებელ ისტორიას ქართველი მოჭიდავე კახის შესახებ, რომელიც ბრუკლინში ჩადის, რათა შვილს აზარტული თამაშების გამო დადებული ვალის გადახდაში დაეხმაროს. ფილმში კახის პერსონაჟს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონატების ხუთგზის და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი ლევან თედიაშვილი ასრულებს. ამასთან, ერთ-ერთ მთავარ როლშია ასევე ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე, რომლისთვისაც „მეოთხე ბრაიტონი“, სამწუხაროდ, ბოლო ფილმი აღმოჩნდა. ფილმის დამდგმელი ოპერატორია ფედონ პაპამიქაელი, რომელიც ორჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე“, როგორც საუკეთესო კინოოპერატორი.
„მეოთხე ბრაიტონმა“ საერთაშორისო ფესტივალებზე წარმატებას უკვე მიაღწია. ფილმმა Asian World Film Festival-ის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა. მან ასევე მიიღო ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალზე სამი მთავარი ჯილდო: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო სცენარი, საუკეთესო მსახიობი – ლევან თედიაშვილი. გარდა ამისა, ფილმმა კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალის სამი პრიზიც მოიპოვა. დეკემბრის ბოლოს კი „მეოთხე ბრაიტონი“ საუდის არაბეთში წითელი ზღვის კინოფესტივალზე საუკეთესოდ დასახელდა.