COVID-19 - ბოლო ცნობები

ჯანმო: „ომიკრონი“ აცრილ და გამოჯანმრთელებულ პირებშიც ვრცელდება

2021 წელს COVID-19-მა მსოფლიოს მასშტაბით 3,3 მილიონზე მეტი ადამიანი შეიწირა.
Sputnik
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. გაჩნდა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები იმისა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ სხვა ვარიანტებზე უფრო სწრაფად ვრცელდება და აინფიცირებს როგორც აცრილებს, ისე გამოჯანმრთელებულებს. ამის შესახებ ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
„ამჟამად არსებობს მყარი მტკიცებულება იმისა, რომ „ომიკრონი“ გაცილებით სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტა“, და მოსალოდნელია, რომ ადამიანები, რომლებიც აცრილები არიან ან ვირუსი გადაიტანეს, შეიძლება კვლავ დაავადდნენ“, – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.
მისი სიტყვებით, 2021 წელს COVID-19-ით 3,3 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, რაც მეტია, ვიდრე გასულ წელს აივ-ინფექციით, მალარიითა და ტუბერკულოზით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა.
მსოფლიო დღეს
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში „ომიკრონის“ გამო ზაფხულამდე გადაიდო
ნოემბერში SARS-CoV-2-ის ახალი შტამი პირველად აღმოაჩინეს ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ B.1.1.529-ს „შემაშფოთებელი“ უწოდა და მას სახელად „ომიკრონი“ შეურჩია – ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით.
სპეციალისტები ახალი შტამით დაავადების სიმპტომებს შორის ასახელებენ თავის ტკივილებს, დაღლილობას, სხეულში მტვრევის შეგრძნებას და სხვ.