თბილისი, 20 დეკემბერი − Sputnik. ევროკავშირი თავდაცვის კონცეფცია „სტრატეგიული კომპასის“ განახლებულ პროექტს 2022 წლის იანვარში წარმოადგენს, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელმა.
მისი თქმით, ევროპის კავშირის სტრატეგიული თავდაცვის პროექტი უკრაინასა და ბელარუსში მომხდარი მოვლენების გათვალისწინებით განახლდა.
„სტრატეგიული კომპასის“ გახლებულ ვერსიას იანვარში წარმოვადგენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე ბრესტში (საფრანგეთი) − იმ გათვლით, რომ მარტში დამტკიცდეს“, − განაცხადა ბორელმა.
როგორც ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროს უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, „უკრაინა და ბელარუსი იმ საფრთხეების ილუსტრაცია გახდა, რომლებსაც ევროპა ეჯახება: ჰიბრიდული ტაქტიკა, პოლიტიკა ძალის პოზიციიდან, დაშინება და დეზინფრომაცია“.
„ეს ეხება არა მარტო ცალკეულ ქვეყნებს, არამედ ევროპის უსაფრთხოების პრინციპებსაც. ეს მოვლენები აჩვენებს, რომ ევროკავშირს სასწრაფოდ ესაჭიროება საკუთარი პოტენციალისა და შესაძლებლობების გაძლიერება უსაფრთხოების სფეროში მოქმედებისთვის“, − მიაჩნია ბორელს.
ევროკავშირი უკვე რამდენიმე წელია განიხილავს „სტრატეგიულ კომპასს“ − კავშირის საერთო სტრატეგიას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში უახლოესი 5-10 წლის განმავლობაში. საუბარია პროგრამაზე, რომელიც უნდა ასახავდეს ევროკავშირის მიზნებს უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში, განსაზღვრავდეს შესაბამის საფრთხეებს. აღნიშნულმა პროგრამამ ევროკავშირს უნდა მისცეს საშუალება, უკეთ უპასუხოს საგარეო კრიზისებს, დაიცვას ევროკავშირი, მისი მოქალაქეები, უფრო ეფექტურად გამოიყენოს თავდაცვის სფეროში არსებული შესაძლებლობები.