თბილისი, 19 დეკემბერი - Sputnik. საეჭვო შემთხვევები, რომლებსაც საქართველოს ლაბორატორიებში კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამზე იკვლევდნენ, „დელტა“ შტამი აღმოჩნდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
„ჩვენს რეგიონში ეს შტამი რუსეთსა და უკრაინაშია დაფიქსირებული. ჩვენთან კვლევები მიმდინარეობს. ორი შემთხვევაა საკმაოდ საეჭვო. იმ პროტოკოლის მიხედვით, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ, ასეთი საეჭვო 10-ზე ოდნავ მეტი შემთხვევა გვქონდა. მათგან უმრავლეს შემთხვევაში სეკვენირებით არ დადასტურდა და „დელტა“ შტამი აღმოჩნდა. ორ შემთხვევაში კვლავ გაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს“, - განაცხადა გამყრელიძემ ტელეარხ „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, სეკვენირებას 4-5 დღე სჭირდება.
საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების არც ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ჯერჯერობით არ გამოვლენილა. ეპიდემიოლოგების პროგნოზებით, ახალი შტამი ქვეყანაში ახალი წლის დადგომამდე გამოჩნდება. საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსის 3-4 ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 900 ათასს აჭარბებს, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა - 13 ათასს.
ვირუს SARS-CoV-2-ის ახალი ვარიანტი, რომელიც პირველად მიმდინარე წლის ნოემბერში აღმოაჩინეს ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკაში, და რომელსაც ჯანმომ მოგვიანებით „ომიკრონი“ უწოდა, ამ დროისათვის უკვე მსოფლიოს 89 ქვეყანაშია გავრცელებული. „ომიკრონი“ ჯანმომ დაახასიათა, როგორც „შემაშფოთებელი".
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „ომიკრონით“ შესაძლოა დაინფიცირდნენ როგორც კოვიდ-გადატანილები, ისე ვაქცინირებული პირები. ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ აფრიკის რამდენიმე ქვეყნიდან შემოსვლა აკრძალა.