თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი, რომელმაც პირველად უკრაინულ საბავშვო „ვოისში“ გაიმარჯვა, ამჯერად ამერიკული შტატის - კონექტიკუტის „ნიჭიერის” (CONNECTICUT'S GOT TALENT) გამარჯვებულია.
ინფორმაცია მომღერალმა „ფეისბუქის” პირად გვერდზე გაავრცელა. მანამდე ალექსანდრე ზაზარაშვილი აშშ-ის შტატ კონექტიკუტის „ნიჭიერის“ ფინალში ოქროს ღილაკით გადავიდა.
„უბედნიერესი ვარ! გავიმარჯვე კონექტიკუტის „ნიჭიერში“, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას ჩემი მხარდაჭერისათვის, ყველანაირი სირთულე გადავლახეთ, ყველანაირი გამოწვევა და კონკურენცია და მაინც, მაინც შევძელით გამარჯვება! უბედნიერესი ვარ რადგან დღევანდელმა დღემ მე მომცა მოვალის რწმენა, ეს არის პირველი კონკურსი ჩემი პაუზის შემდეგ და ამიტომ ორმაგად ვნერვიულობდი, ამას დაემატა ის რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა ჩემს საგულშემატკივროდ სხვა შტატებიდან და ძალიან მინდოდა, რომ ისინი მესახელებინა და გამარჯვებით დასრულებულიყო ეს ყველაფერი! და ასეც მოხდა, უფალი ჩვენთანაა!“, - დაწერა ახალგაზრდა მომღერალმა თავის Facebook-გვერდზე.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულ ალექსანდრეს გადაეცა საპრიზო თანხა 1000 დოლარის ოდენობით.
ალექსანდრე ზაზარაშვილი არაერთი კონკურსის გამარჯვებულია, მათ შორის უკრაინული საბავშვო „ვოისის“. აღნიშნულ კონკურსში მან 2019 წელს გაიმარჯვა.