აფეთქება ვაზისუბანში: რა ვითარებაა შემთხვევის ადგილზე

აფეთქება ვაზისუბანში მებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში რამდენიმე საათის წინ მოხდა, ის სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია
Sputnik
თბილისი, 19 დეკემბერი— Sputnik. ოთხი ადამიანი დაშავდა ვაზისუბნის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.
აფეთქება ვაზისუბანში მებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში რამდენიმე საათის წინ მოხდა, ის სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
აფეთქება ვაზისუბანში. 19.12.2021
დაშავებულები უკვე გადაყვანილები არიან კლინიკაში. სამ მათგანს მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული, ხოლო მეოთხე ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, მას ძლიერი დამწვრობა აქვს მიღებული.
ადგილობრივების ცნობით, მძიმე მდგომარეობაში მყოფი საცხოვრებელი ბინის მეპატრონეა, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ოთახნახევრიან ბინაში სწორედ აფეთქების დროს იმყოფებოდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც თავადვე არის „თბილისი ენერჯის“ თანამშრომელი, ბინაში შევიდა და შუქი აანთო. სწორედ ამის შემდეგ გაისმა აფეთქების ხმა, რასაც ხანძარი მოყვა. ადგილობრივების ცნობით, აფეთქდა ბინის მეპატრონის კუთვნილი ავტომობილიც, რომელიც მამაკაცს კორპუსთან ჰყავდა გაჩერებული.
აფეთქება ვაზისუბანში. 19.12.2021
მეხანძრე მაშველებმა კორპუსში მცხოვრებლების დიდი ნაწილის ევაკუაცია მოახდინეს.
ადგილზე მობილიზებულ არიან სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები, შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტებიც, რომლებმაც უნდა დაადგინონ, ხომ არ უქმნის საფრთხეს აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში დარჩენა სხვა მცხოვრებლებს. საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი ხელისუფლება მათ სასტუმროებში გადანაწილებას ჰპირდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ბინაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
აფეთქების გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.