თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პირველი პირები ქართველი მომღერლის, ლოტბარის, საქართველოს სახალხო არტისტის ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ.
ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას პარკინსონის დაავადება ჰქონდა, ხუთშაბათს ის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც პარასკევს, გვიან ღამით გარდაიცვალა.
საქართველოს სახალხო არტისტის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ და თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
„მრავალმხრივი ნიჭით გამორჩეულმა ყველასათვის საყვარელმა მომღერალმა და არტისტმა ჯემალ ჭკუასელმა მდიდარი შემოქმედება დაგვიტოვა მემკვიდრეობად. იგი მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინების, დაცვისა და განვითარების საქმეს. ჯემალ ჭკუასელის ხელმძღვანელობით, ანსამბლმა „ერისიონმა“ მსოფლიოს გააცნო უნიკალური ქართული კულტურა და აღიარება მოუტანა ჩვენს ქვეყანას. ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალება დიდი დანაკარგია ქვეყნისთვის“, - დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის Facebook-გვერდზე.
გამოჩენილი ხელოვანის ოჯახს და ახლობლებს მიუსამძიმრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამაც.
„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ საქართველოს სახალხო არტისტის, ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალების გამო. კულტურის დიდმა მოამაგემ, მთელი ცხოვრება უნიკალური ქართული ფოლკლორის აღორძინებას მიუძღვნა. ეს საგანძური თაობებს გადაეცემა და მის სახელს უკვდავყოფს. საქართველოს პარლამენტის სახელით, გულითადად ვუსამძიმრებ ჯემალ ჭკუასელის ოჯახს, მეგობრებს და ჩვენს ქვეყანას“, – ნათქვამია კუჭავას სამძიმრის წერილში.
კახა კალაძემ ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
„დიდია ბატონი ჯემალის წვლილი ქართული ხელოვნების განვითარებაში, მდიდარი ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციაში. მთელი გულით ვიზიარებ ჯემალ ჭკუასელის ოჯახის, მისი კოლეგების, მთელი საქართველოს მწუხარებას“, - დაწერა დედაქალაქის მერმა.
ჭკუასელი1986-2015 წლებში იყო ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი; 2015 წლიდან ანსამბლის მთავარი დირიჟორი.
საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1984), საქართველოს სახალხო არტისტი (1990), ღირსების ორდენის კავალერი (1995).
1997 წლიდან იყო ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებისა და დაცვის საერთაშორისო ფონდის დირექტორი.
2013 წლის 18 მაისს ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.
2015 წლის 17 მაისს, ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო — „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა.