ყალბი ანგარიშ-ფაქტურების გაწერისთვის ორი პირი დააკავეს

ბრალდებულებს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
Sputnik
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და ქონების მესაკუთრის მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცეს, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დამატებული ღირებულების გადასახადის ყალბი აქტივების შექმნის გზით, მათი მართვის ქვეშ მყოფი 3 კომპანიის სახელით ერთმანეთში მოახდინეს 249.900 ლარის ღირებულების საპროექტო მომსახურების მიწოდების ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გაწერა, რა გზითაც ერთ-ერთ კომპანიას უსაფუძვლოდ აღმოაჩნდა 38.120 ლარის ზედმეტობა, რომელიც შემდგომში ბიუჯეტის მიმართ არსებული ვალდებულებების დასაფარად გამოიყენეს, ხოლო მეორე კომპანიამ უსაფუძვლოდ შეიქმნა საპროექტო სამუშაოების განხორციელების გამოცდილება, რაც ბრალდებულს შემდგომში სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის მისაღებად უნდა გამოეყენებინა.
10 მლნ-მდე ლარის ღირებულების ყალბი დოკუმენტები: დაკავებულია კომპანიების მმართველი
უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 და 185-ე მუხლის მე-3 ნაწილებით გრძელდება, რაც სასჯელის სახით ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.