თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს სოფლებში მცხოვრები თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი მაღალი ხარისხის ინტერნეტს მიიღებს, რისთვისაც ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) 34 მლნ ევროს გამოყოფს, ნათქვამია ბანკის განცხადებაში.
EIB-ს ინფორმაციით, ინვესტიციები გააუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს, შექმნის ახალ შესაძლებლობებს ბიზნესისთვის და აამაღლებს საქართველოს მდგრადობას კრიზისებისადმი.
კრედიტის ფარგლებში დაფინანსდება დაახლოებით 5 ათასი კმ საერთო სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების გაყვანა და საქართველოს ოპერატორებისთვის ინტერნეტზე ღია ხელმისაწვდომობის ინფრასტრუქტურა.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე EIB-მ, ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, ხელი მოაწერა რამდენიმე ხელშეკრულებას ინვესტიციების განხორციელებაზე რეგიონში. საუბარია ჯამში 171 მლნ ევროს ოდენობის ინვესტიციებზე, რომლებიც ითვალისწინებს EIB-ს კრედიტებს და ევროკავშირის გრანტებს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის.
როგორც EIB აღნიშნავს, ეს ინვესტიციები ხელს შეუწყობს დიგიტალიზაციის, ენერგოეფექტურობის, განათლების განვითარებასა და კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლას საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში. ამას გარდა, ინვესტიციები ხელს შეუწყობს კორონავირუსის პანდემიისგან დაზარალებული მცირე და საშუალო ბიზნესის აღდგენის ახალი წყაროების მოძებნას.
ევროპის საინვესტიციო ბანკმა 2020 წლიდან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებისთვის (საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) 1,52 მლრდ ევროს კრედიტები დაადასტურა, რაც ევროკავშირის პრიორიტეტებისა და საკვანძო ინიციატივების მხარდაჭერას ითვალისწინებს.
ამჟამად საქართველოში ხორციელდება საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი OpenNet. ამ პროექტის ძირითადი ამოცანაა დაბებისა და სოფლების ინტერნეტით უზრუნველყოფა, რადგან დიდი ქალაქები მაღალი სიჩქარის ინტერნეტით მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილია. საუბარია 800 დასახლებულ პუნქტზე.