რატომ გამყარდა ლარი – საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის განმარტება

ლარი მაისის შემდეგ სტაბილურ პოზიციას ინარჩუნებს, თუმცა ეს არ არის მოდუნების საბაბი, მიაჩნია ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს.
Sputnik
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. ლარის კურსის გამყარება რამდენიმე ფაქტორთან არის დაკავშირებული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კურსის რყევები არ იქნება, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტში.
ამ დროისათვის ლარის კურსი 3,09 GEL/$1 დონეზე დგას. სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით ეროვნულმა ბანკმა 2020 წელს 26 აუქციონი გამართა, სადაც ჯამში 873,2 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. წელს მარეგულირებელმა ცხრა აუქციონზე გაყიდა 332,9 მილიონი დოლარი. ლარის კურსის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.
პირველ მიზეზად კობა გვენეტაძემ თურქული ლირა, საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორისა და მეზობლის ვალუტის მდგომარეობა დაასახელა.

„როდესაც თურქეთში ლირის გაუფასურება ხდებოდა, ქართული ლარისთვის იაფდებოდა თურქული იმპორტი და ხდებოდა უფრო მეტი პროდუქტის შემოტანა. ეს ხდებოდა მანამ, სანამ ინფლაცია თურქეთში ისე არ გაიზარდა, რომ ეს უპირატესობა თურქულმა ლირამ დაკარგა. მაგრამ მას შემდეგ, რაც გაგრძელდა თურქული ლირის გაუფასურება, გავლენა გაცილებით ნაკლებია", – თქვა გვენეტაძემ.

დანარჩენი ფაქტორები, რამაც ეროვნული ვალუტის გამყარებაზე გავლენა მოახდინა, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის თქმით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, ინტერვენციები და ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა იყო.
„გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაც დადებითად მოქმედებს [ლარის კურსის გამყარებაზე]. ასევე მესამედით არის აღდგენილი ტურისტული შემოსავლები. გარდა ამისა, გავაკეთეთ საკმაოდ დიდი ინტერვენციები და ესეც მოქმედებს", – განაცხადა გვენეტაძემ.
საქართველოს სავალუტო ბაზარი – ეროვნული ბანკის ახალი სტატისტიკა
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ლარი მაისის შემდეგ სტაბილურ პოზიციას ინარჩუნებს, თუმცა ეს მოდუნების მიზეზი არ უნდა გახდეს.
„ყოველთვის შეიძლება არსებობდეს რაღაც მიზეზები, რაც დისონანსს შეიტანს ამაში. მოკლევადიან პერიოდში შესაძლებელია იყოს ლარის კურსის რყევები, მაგრამ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში მცურავი გაცვლითი კურსი ყველაზე კარგად უზრუნველყოფს ლარის სტაბილურობას", – განაცხადა გვენეტაძემ.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.