COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში ღამის კლუბები ორწლიანი პაუზის შემდეგ მუშაობას იწყებენ

ღამის კლუბები მუშაობას იწყებენ, მაგრამ გარკვეული პირობების დაცვით.
Sputnik
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ორწლიანი პაუზის შემდეგ ღამის კლუბები იხსნება.
დედაქალაქის კლუბ „ბასიანის" ერთ-ერთმა მფლობელმა ნაჯა ორაშვილმა თავისი დაწესებულების გახსნის შესახებ პოსტი დაწერა.
„17 დეკემბერს, თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს მასშტაბით კლუბების კარი გაიხსნება და, იმედი მაქვს, აღარასოდეს დაიხურება. მადლობა ყველას, ვინც ერთგულად და მტკიცედ დაიცვა საკლუბო კულტურის მთავარი მონაპოვარი – უსაფრთხო სივრცის იდეა, სადაც ზრუნვა და ცოდნის გაზიარება ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. მალე შევხვდებით საცეკვაო მოედნებზე", – დაწერა ნაჯა ორაშვილმა სოციალურ ქსელში.
COVID-19 - ბოლო ცნობები
შეთანხმება შედგა – რა რეგულაციებით განახლდება ღამის კლუბების საქმიანობა
პანდემიის გამო ელექტრონული მუსიკის სივრცეებს გარკვეული წესების დაცვა მოუწევთ. კლუბებში შესვლას მხოლოდ მწვანე სტატუსის მქონე პირები შეძლებენ. ამ სტატუსის მფლობელებად ითვლებიან სრულად ვაქცინირებული პირები (მეორე ვაქცინაციიდან ორი კვირის შემდეგ), ან ვინც გადაიტანა კორონავირუსი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.
ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR–ტესტის უარყოფითი შედეგის წარდგენაც. რაც შეეხება სწრაფ ტესტს, ის არ იძლევა კლუბში შესვლის უფლებას.
ახალი წესების მიხედვით, კლუბებში შემსვლელთა რაოდენობა 50%-ით არის შეზღუდული.
ღამის კლუბები საქართველოში 2020 წლის მარტში, კოვიდ-პანდემიის დაწყებისთანავე დაიხურა.