„ობშჩაკის" შეგროვების საქმე – ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

Sputnik
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე მომუშავე ტაქსის მძღოლებისგან ე.წ. ობშჩაკის შეგროვების საქმეზე დაკავებულ ყველა პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ოთხშაბათს მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა, რა დროსაც „ქურდული სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით ცხრა პირი დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებულთა შორის ოთხი „ქურდული სამყაროს“ წევრი, ხუთი კი ტაქსის მძღოლია, რომლებიც „ქურდული ობშჩაკის“ შესავსებად თანხას იხდიდნენ.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული „ქურდული სამყაროს“ წევრები უცხოეთში მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდი ი.კ.-ს მითითებითა და საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით ორგანიზებას უწევდნენ თბილისის აეროპორტში მომუშავე კერძო ტაქსების მძღოლებისგან ე.წ. ქურდული საერთო თანხის შეგროვებას.
სპეცოპერაცია თბილისში – დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ცხრა პირი
ისინი გამომუშავებული თანხის ნაწილს მოითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მუქარის ძალით ტაქსისტებს აეროპორტის ტერიტორიაზე მუშაობას უკრძალავდნენ. ტაქსის მძღოლები თანხას მაისიდან „იხდიდნენ“, რის გამოც ტაქსის მომსახურებაზე ფასი ხელოვნურად იზრდებოდა.
დაკავებული ტაქსის მძღოლებიდან სამი „ქურდული სამყაროს" წევრების საქმიანობის შესახებ საქმის კურსში იყო, ისინი მხარს უჭერდნენ და აეროპორტის ტერიტორიაზე მომუშავე სხვა თვითდასაქმებულ ტაქსისტებსაც სთხოვდნენ „ობშჩაკში“ შეეტანათ მათ მიერ გამომუშავებული თანხის ნახევარი. რაც შეეხება დაპატიმრებულ კიდევ ორ ტაქსის მძღოლს, მათ დასახმარებლად მიმართეს სხვა „კანონიერ ქურდ“ თ.ხ.-ს, რათა მას კრიმინალურ ავტორიტეტებზე ზეგავლენა მოეხდინა და მათგან თანხა აღარ მოეთხოვათ. „კანონიერ ქურდთან“ შეხვედრა თურქეთში აგვისტოში შედგა.
გამოძიება „ქურდული სამყაროს" წევრობის, „ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.