თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოს ღამის კლუბების გახსნის თაობაზე გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ მიუღია, ნათქვამია შრომის ინსპექციის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში ღამის კლუბები 2020 წლის მარტში დაიხურა და მას შემდეგ არ უმუშავიათ. როგორც ადრე ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ობიექტები მუშაობას მხოლოდ ეპიდვითარების გაუმჯობესების შემდეგ შეძლებენ.
დღეს დილიდან ქართულ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ღამის კლუბები კვლავ იხსნება. აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა კლუბ Bassiani-ს ერთ-ერთმა მფლობელმა ნაჯა ორაშვილმა.
„მიმდინარეობს მუშაობა ე.წ. ღამის კლუბების უსაფრთხოების პროტოკოლის პროექტის შემუშავებაზე, რომელიც უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – აღნიშნულია შრომის ინსპექციის განცხადებაში.