COVID-19 საქართველოს ტერორიზმთან ბრძოლაში დაეხმარა: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დადებითად შეაფასა საქართველოს ტერორიზმთან ბრძოლის შესაძლებლობები.
Sputnik
თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. 2020 წელს ტერორისტების მიერ საქართველოს საზღვრების გადმოკვეთის არცერთი ფაქტი არ გამოვლენილა, აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ ყოველწლიურ მოხსენებაში.
ეს ფაქტი უწყებამ პირდაპირ დაუკავშირა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს. სახელმწიფო დეპარტამენტის აზრით, ტერორისტებმა შეწყვიტეს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის გამოყენება, ვინაიდან პანდემიის გამო საზღვრები ჩაკეტილი იყო.

„COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით საზღვრების ჩაკეტვამ ხელი შეუწყო საქართველოში და საქართველოდან ტერორიზმში მონაწილეთა ან ეჭვმიტანილთა გადაადგილების აღკვეთას. 2020 წელს არ გამოვლენილა არცერთი საქართველოს მოქალაქე, რომელიც სირიაში ან ერაყში ტერორისტული აქტების განსახორციელებლად გაემგზავრა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

საქართველოს სახმელეთო საზღვრები 2020 წლის მარტის შუა რიცხვებში ჩაიკეტა. საჰაერო მიმოსვლა 20 მარტიდან 15 ივლისამდე, შემდეგ კი ნოემბრიდან 2021 წლის 1 თებერვლამდე შეჩერდა. სახმელეთო საზღვრები 2021 წლის 1 ივნისს გაიხსნა.
პანკისში ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ
სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნით, საქართველოს „შეუძლია გამოავლინოს, შეაკავოს ტერორისტული აქტები და რეაგირება მოახდინოს მათზე“.
2020 წელს ქვეყანაში ტერორისტული აქტები არ დაფიქსირებულა. მანამდე საქართველოში არსებული ვითარება შეაფასა ევროსაბჭოს დანაშაულებრივი შემოსავლების ლეგალიზაციასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის შემფასებელმა ექსპერტთა კომიტეტმა.
დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ 2019 წელს საქართველომ ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლაში „ეფექტიანობის მნიშვნელოვან დონეს“ მიაღწია. 2020 წელს საქართველომ ამ მიმართულებით თავისი საკანონმდებლო ბაზა დახვეწა.
საქართველოს ეროვნული ბანკი ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის ზედამხედველ ორგანოდ დაინიშნა და დაევალა გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების სიებში შეყვანილი პირების შემოწმება და აღრიცხვისა და ანგარიშვალდებულების წესების შეცვლა, ასევე კლიენტების იდენტიფიცირება.
გასული წლის ბოლოს საქართველომ გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების სიაში მოხვედრილი შვიდი ფიზიკური და ხუთი იურიდიული პირის აქტივების გაყინვის შესახებ ცხრა შუამდგომლობა წარადგინა.