თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში წარმოებული ზამთრისა და ზაფხულის საველე და ყოველდღიური სამუშაო უნიფორმებით შეიმოსებიან, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა ძალოვან უწყებებში მომსახურე პირებს საველე და ყოველდღიური სამუშაო ფორმით შპს „დელტა ტექსტილი“ ამარაგებს.
ქართული ჯარის მომარაგების პროცესს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე პირადად გაეცნო.
მინისტრთან ერთად თავდაცვის ძალებში მიღებული უნიფორმები და სპორტული ტანსაცმელი დაათვალიერეს მისმა მოადგილე ზურაბ აზარაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა.
„საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებისთვის მაღალი ხარისხის ზამთრისა და ზაფხულის საველე და ყოველდღიური სამუშაო ფორმები თანამედროვე იტალიური და იაპონური წარმოების სამკერვალო დანადგარებით აღჭურვილ ფაბრიკაში იკერება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გარდა ამისა, აქვე მიმდინარეობს საბრძოლო ეკიპირების, ინდივიდუალური დაცვისა და განტვირთვის სისტემების, მაისურების, საწვიმარი ლაბადების, საქარე ქურთუკების, პულოვერების, ქუდების, ხელთათმანების, ზურგჩანთების, საპატრულო ჩანთების, საველე ჩანთების, სანივთე ტომრების, თეთრეულისა და სპორტული ტანსაცმლის სერიული წარმოება, ნათქვამია თავდაცვის უწყების განცხადებაში.
შპს „დელტა ტექსტილი“ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. რაც შეეხება სამხედრო ქარხანა „დელტას“, მისი ისტორია გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან იღებს სათავეს. ამჟამინდელი სახით ცენტრი 2010 წლიდან არსებობს. ის აერთიანებს ექვს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტსა და თბილისის საავიაციო ქარხანას, იმყოფება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში.
„დელტა“ აწარმოებს ჯავშანმანქანებს, ნაღმმტყორცნებს, ყუმბარმტყორცნებს, უნივერსალურ საომარ მოდულებს, უპილოტო აპარატებს, პისტოლეტებს, ჯავშანჟილეტებს, შაშხანებს და სხვ. ცენტრს თავისი პროდუქცია უკვე გააქვს ექსპორტზე.