თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა თელავსა და სიღნაღში ხორცის საბითუმო და სარეალიზაციო 35 ობიექტი შეამოწმეს, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
შემოწმებული ობიექტებიდან სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევის, ხორცის შენახვისა და რეალიზაციის არასათანადო პირობების გამო 14 ობიექტი დაჯარიმდა და კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
„ინსპექტირების შედეგად დაილუქა გაურკვეველი წარმომავლობის 515 კილოგრამი ხორცი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით განადგურდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ინსპექტორები მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ინტერესების დაცვის მიზნით სახელმწიფო კონტროლს ყოველდღიურად მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებენ.