თბილისი, 16 დეკემბერი - Sputnik. 2021 წელს საქართველომ თავის საავიაციო ბაზარზე არამხოლოდ ადრე მოქმედი ავიაკომპანიები დააბრუნა, არამედ მოიზიდა ბევრი ახალი, მათ შორის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, განაცხადა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
რეგულარული ავიამიმოსვლა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტში შეჩერდა, საქართველომ მიმდინარე წლის 1 თებერვალს აღადგინა და ქვეყანაში შემოსვლის გარკვეული წესები განსაზღვრა.
„დაემატა ფრენის 17 ახალი მიმართულება. 2021 წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონში საქართველოდან ფრენები 27 ქვეყანაში 55 საერთაშორისო მიმართულებით ხორციელდება - კვირაში საშუალოდ 300 რეისი“, - განაცხადა თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრმა შეახსენა დეპუტატებს, რომ მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონის პიკურ პერიოდში საქართველოს საავიაციო ბაზარზე 40 ავიაკომპანია ოპერირებდა, რაც ერთით ნაკლებია, ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში იყო.
„ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2019 წელთან შედარებით საავიაციო მიმართულებების აღდგენის მაჩვენებელი 91%-ია, ანუ საჰაერო მიმოსვლა პრაქტიკულად აღდგენილია“, – განაცხადა მინისტრმა.
დღეისათვის უცხოელებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გადმოკვეთა შეუძლიათ უარყოფითი PCR-ტესტის ქონის შემთხვევაში, ანდა სრული (ორჯერადი) ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. სახმელეთო საზღვრის გადმოკვეთისას საჭიროა როგორც უარყოფითი PCR-ტესტი, ისე სრული (ორჯერადი) ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.