COVID-19 - ბოლო ცნობები

ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესიამ არ უნდა მოახდინოს და არ მოახდენს ვაქცინაციის პროპაგანდას

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიმართ ნეიტრალიტეტის დაცვას განაგრძობს.
Sputnik
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. ეკლესია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროპაგანდაში მონაწილეობას არ მიიღებს, განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო, დღეს ქვეყანაში სრულად, ორჯერადად აცრილია ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 36,9%. ეპიდემიოლოგებმა არაერთხელ მიმართეს ეკლესიას, რომ პროცესის დაჩქარებისთვის ხელი შეეწყოთ, მაგრამ ყოველ ჯერზე უარი მიიღეს.

„ეკლესიას არაერთხელ გაუკეთებია ვაქცინაციაზე განცხადება. რას ვთხოვთ ეკლესიას? ვაქცინაციის პროპაგანდას ვერ მოვთხოვთ ეკლესიას, ვერ მოვთხოვთ, რომ ვიღაცას აცრა დააძალოს", – განაცხადა ჯაღმაიძემ.

ამასთან მან დაამატა, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის შიგნითაც არის აზრთა სხვადასხვაობა ვაქცინაციასთან დაკავშირებით.
თამარ გაბუნია: ეკლესიის მხარდაჭერა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებაში დაგვეხმარებოდა>>
„ეკლესიაში განსხვავებული მოსაზრებებია. არიან მოძღვრები, რომლებიც მკაფიოდ მოუწოდებენ ადამიანებს აცრისაკენ და, პირიქით, ზოგის ლოგიკა და ანალიზი სხვა მონაცემებს ეყრდნობა. ეკლესიას ასეთ საკითხებზე იმპერატიული ან, თუნდაც, შიდა ბრძანების გაცემის პრაქტიკა არ აქვს", – აღნიშნა ჯაღმაიძემ.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ჯანდაცვის სამინისტრო იზიარებს საპატრიარქოს პოზიციას იძულებით ვაქცინაციასთან დაკავშირებით
ამასთან, მან ხაზგასმით განმარტა, რომ ეკლესია უარს არ ეტყვის ზიარების საიდუმლოზე აცრილებს, როგორც ამას აცრის მოწინააღმდეგეები მოუწოდებენ, და ასევე არ მისცემს შენიშვნებს მათ, ვინც ნიღაბს არ ატარებს.
საქართველოში ვაქცინაციის პროცესმა საზოგადოება ორ ბანაკად გაყო. ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას იკეთებს, მეორე ნაწილი კი ვაქცინაციაზე უარს ამბობს და საპროტესტო აქციებს მართავს.