თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ CNN-მა მედია-პლატფორმაზე სტატიათა ციკლი გამოაქვეყნა, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
„გაიცანი საქართველოს ტრადიციები, ტურისტული ადგილები და ხალხი" – ეს სათაური აერთიანებს CNN-ზე გამოქვეყნებულ სტატიებს, რომლებიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში მომზადდა.
მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მედია-პლატფორმაზე გამოქვეყნებულ მასალაში საქართველოს დაცული ტერიტორიები, ღვინო და სტუმართმოყვარეობა, იმერეთი და ზამთრის კურორტებია აღწერილი.
სტატიებში საუბარია ვაშლოვნის, ლაგოდეხის ნაკრძალებზე, ბორჯომ-ხარაგაულის, თუშეთის, თბილისის ეროვნული პარკებზე, ასევე აღწერილია ჯავახეთის დაცული ტერიტორია და ბათუმთან ახლოს მდებარე ფრინველებზე დაკვირვების ადგილი. წარმოდგენილია მრავალფეროვანი ქართული კერძები, სუფრის ტრადიცია, თბილისის კვების ობიექტები, საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამზარეულო და ღვინის რვაათასწლიანი ისტორია.
სტატიაში აღწერილია ქუთაისი, ბაგრატის საკათედრო ტაძარი, გელათის მონასტერი, კაცხის სვეტი, სათაფლია და პრომეთეს მღვიმე. თბილისის საახალწლო მორთულობა და რელიგიური დღესასწაულები, რომელსაც ზამთარში აღნიშნავენ.
„ულამაზესი ტბების, მთებისა და ხეობების სამშობლო საქართველო ძირითადად ტურისტული რადარის მიღმა იყო, თუმცა ახლა მსოფლიო ეცნობა იმ შარმს, რაც საქართველოს აქვს. ქართველი ხალხი გატაცებულია ბუნების სილამაზის შენარჩუნებით, ამავდროულად ამაყობს თავისი ქვეყნის სილამაზით და მას მოგზაურებს უზიარებს. ქართველებმა შეძლეს და ბუნება დაიცვეს, გამოაცხადეს დაცულ ტერიტორიებად და ეროვნულ პარკებად, შედეგად ასობით ათასი ჰექტარი ველური ბუნება ხელშეუხებელი გადარჩა", – წერია CNN-ის სტატიაში.
ცალკე სტატია ეძღვნება საქართველოს ზამთრის კურორტებსა და ბუნებას.
უწყების ცნობით, თითოეულ სტატიას აქვს სლოგანი – „დაგეგმე მოგზაურობა საქართველოში".
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში CNN-ზე გადის საქართველოს ზამთრის კურორტების ამსახველი ვიდეორგოლიც.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ზამთრის მარკეტინგული კამპანია მსოფლიოს უდიდეს მედია და სამოგზაურო პლატფორმებს მოიცავს, როგორებიცაა Conde Nast Traveler Global, Conde Nast Traveler Middle East, Time Out Magazine Middle East, Wego, CNN, National Geographic, Expedia, Vogue.
კამპანია მიმდინარეობს საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ისრაელში, პოლონეთში, ესტონეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, აშშ-ში. კამპანია ნოემბერში დაიწყო და იანვრის ბოლომდე გაგრძელდება.