თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებმა მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს, ნათქვამია სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქმე ეხება 2018 წელს სააკაშვილისა და ალასანიას საუბრის აუდიოჩანაწერის გავრცელებას, რომელშიც ექს-პრეზიდენტი საუბრობს ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პიარის გაძლიერების აუცილებლობაზე, ხოლო ალასანია აცხადებს, რომ მზადაა მილიონი გადაუხადოს იმას, ვინც მოქმედი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს მოკლავს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაბარებული იქნა - თემურ ალასანია. ალასანიამ საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებაზე უარი განაცხადა, შესაბამისად იგი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე სასამართლოში გამოიკითხება“, - ნათქვამია განცხადებაში.
სკანდალური აუდიოჩანაწერი ერთ-ერთ უკრაინულ საიტზე zdes.com.ua გამოქვეყნდა. სისხლის სამართლის საქმე 2018 წლის ნოემბერში აღიძრა. აუდიოჩანაწერების უკანონო გავრცელებაში ბრალდებულს სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ალასანია საქართველოში ახალი წლის აღსანიშნავად ჩამოვიდა. ამის შესახებ სააკაშვილის Facebook-გვერდზეა ნათქვამი.
თავად სააკაშვილი ორ სისხლის სამართლის საქმეზე იხდის სასჯელს. ის ამჟამად გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება, სადაც 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გადაიყვანეს.