თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. ქართველი კომპოზიტორის, პიანისტისა და დირიჟორის ვახტანგ კახიძის მიერ შექმნილი „რეკვიემის" მსოფლიო პრემიერა ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში 26-27 დეკემბერს გაიმართება.
„რეკვიემის“ შექმნის იდეას, რომელიც მშობლების – ჯანსუღისა და ვანდას ხსოვნას ეძღვნება, ავტორი მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობის მანძილზე ატარებდა.
„იმედი მაქვს, რომ ამ ნაწარმოების შექმნით ცოტათი მაინც შევძელი ჩემი მშობლების მიმართ უდიდესი მადლიერების, უსაზღვრო პატივისცემის, მარადიული სიყვარულისა და მუდმივი მონატრების გამოხატვა“, – განაცხადა ვატო კახიძემ.
„რეკვიემს“ თბილისის სიმფონიური ორკესტრი და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, ქალთა კვარტეტი „მგალობლები“, ვაჟთა სექსტეტი „რუსთავი“, ასევე სოლისტი გაბრიელ ჩომახაშვილი შეასრულებენ. საღამო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით ჩატარდება.
კონცერტი 19:30 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა მხოლოდ ონლაინ არის შესაძლებელი. ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, საღამოზე მხოლოდ „მწვანე სტატუსის“ მქონე პირები დაიშვებიან.