ზურაბიშვილმა შერიგებისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა: ვინ მიიღო პრეზიდენტის მიწვევა

საქართველოს პრეზიდენტი მართავს წვეულებას პოლიტიკური პარტიების ლიდერებისთვის და ამით ცდილობს განახორციელოს თავისი ინიციატივა საერთო ეროვნული შერიგების შესახებ
Sputnik
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. წვეულებას, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკოსებისთვის მართავს, პოლიტიკური მოთამაშეების დიდი ნაწილი არ დაესწრება, ეს კი ნიშნავს, რომ საერთო ეროვნული შერიგების ინიციატივა ჩაშლის პირას შეიძლება აღმოჩნდეს.
გასულ კვირაში სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ თავის თავზე იღებს ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაციის დასრულების ინიციატივას. მისი თქმით, არსებული ვითარებიდან გამოსვლა საერთო ეროვნული დისკუსიით შეიძლება. ახლა კი პრეზიდენტმა გადაწყვიტა ყველა პარტია არაფორმლურ გარემოში შეკრიბოს, მაგრამ დიალოგისთვის მზად ყველა არ აღმოჩნდა.
საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიცია საახალწლო მიღებაზე მიიწვია
„არაფერი ვიცით, რა თემაზეა შეხვედრა. მე და სანდრო რაქვიაშვილი ვართ მიწვეული. ყველაფერს ყურადღებით მოვუსმენ“, - განაცხადა პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.
ხოლო პარტია „ლელოს“ ლიდერებს უფრო მნიშვნელოვანი საქმე გამოუჩნდათ.
„ხვალ ვაპირებთ, მივიდეთ სასამართლოზე, მიღებაზე ვერ მოვახერხებთ, სასამართლო გვაქვს. აქედან გამომდინარე, ხვალ ასე ვთქვათ, ასეთი დღე გვაქვს“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ მისი პარტიისთვის პრეზიდენტის ინიციატივა და მის მიერ შემოთავაზებული დიალოგი მნიშვნელოვანია.
„კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი იღებს ამ ინიციატივას. ახლა საჭიროა უკვე კონრეტული ნაბიჯების გადადგმა, რათა დაიწყოს დიალოგი, რომელიც სჭირდება ქვეყანას, სჭირდება საზოგადოებას, სჭირდება იმას, რომ დამთავრდეს სიძულვილით აღსავსე პოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა პატრიარქს შერიგების ინიციატივაზე კურთხევა სთხოვა
არ აპირებენ პრეზიდენტის წვეულებაზე მისვლას არც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები.
„ვინაიდან ეს არის კლასიკური საახალწლო ტიპის მიღება, მადლობა მათ მიპატიჟებისთვის, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ტიპის ღონისძიებაში მონაწილეობას არ მივიღებთ. მონაწილეობას მივიღებთ მას შემდეგ, როცა შეხვედრა გაიმართება იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ქალბატონმა ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ ისაუბრა“, – აღნიშნა პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ.
მმართველ პარტიაში შერიგებისთვის მზად არიან, მაგრამ გარკვეული პირობებით.

„კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ და მისმა ლიდერებმა სააკაშვილის ხელმძღვანელობით უნდა აღიარონ ის დანაშაულები, რომელიც მათ აქვთ ჩადენილი და ... პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე განაცხადონ. ამ შემთხვევაში ისინი ხელს შეუწყობენ ქვეყანაში მშვიდობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში პოლარიზაცია ყოველ ახალ არჩევნებთან ერთად იმატებს. როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია დაპირისპირების შეწყვეტის მნიშვნელობაზე ერთხმად საუბრობენ, მაგრამ ამასთანავე ურთიერთბრალდებების სერია არ მთავრდება. ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს, ბოიკოტს უცხადებს პარლამენტის მუშაობას და სისტემატურად მართავს საპროტესტო აქციებს.