თბილისი, 15 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ მწირი კომენტარებით შემოიფარგლნენ. შეხვედრაზე ქვეყნის კონსტიტუციაში ჩაშლის პირას მყოფი ცვლილებები იხილებოდა.
შეხვედრა შეეხო საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც პარტიებისთვის საპარლამენტო არჩევნებზე გამსვლელი ბარიერის 5%-დან 2%-მდე დაწევას ითვალისწინებს. ცვლილებების მიღება კობახიძის ამასწინანდელი განცხადების შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდა. როდესაც ოპოზიციამ ხელისუფლება ადგილობრივი არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა და პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა, კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია ცვლილებების მიღების აზრს ვერ ხედავდა.
„პოზიციები არ შეგვიჯერებია, უბრალოდ, გვინდოდა მოგვესმინა საჯარო სივრცის გარეშე, რა უნდა „ქართულ ოცნებას"... გვეუბნებიან, ორპროცენტიანი ბარიერის წინააღმდეგი არ არიან და მეორე - ეს ცვლილება რომ ამოქმედდეს 2024 წლიდან და გავრცელდეს 2028 წელზეც. მანამდე იყოს ერთპროცენტიანი ბარიერი და არჩევნების შერეული სისტემა“, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ.
ამავდროულად პარტია „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ მიანიშნა, რომ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ წინაა.
„ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“ გავცვალეთ პოზიციები და ეს იყო მხოლოდ პირველი შეხვედრა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ ცვლილებები მნიშვნელოვანია.
„ჩვენ არ ვისაუბრებთ დეტალებზე. არაფერს ვიტყვი „ქართული ოცნების“ პოზიციაზე, მაგრამ ჩვენთვის ცვლილებების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა თინათინ ბოკუჩავამ.
მმართველი პარტიის ლიდერებმა შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება დამოკიდებული იქნება ოპოზიციის ქმედებებზე. ამასთან ითქვა, რომ „ქართულ ოცნებაში“ უნდა გაიმართოს კონსულტაციები.
მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება კითხვის ნიშნის ქვეშაა (რომელიც ჯერჯერობით პირველი მოსმენითაა მიღებული), ოპოზიციონერები დაჟინებით მოითხოვენ 2%-იანი გამსვლელი ბარიერის დაწესებას მათ შორის 2024 წლის არჩევნებამდე. აქ ისინი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების შესაძლო ჩატარებას გულისხმობენ.
მმართველ პარტიაში კი ვადამდელ არჩევნებს გამორიცხავენ და „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტის ბოიკოტისა და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაუსრულებელი საპროტესტო აქციების გამო დესტრუქციულ ქმედებაში ადანაშაულებენ.
არც „ქართულ ოცნებას“ და არც ოპოზიციას არ ჰყოფნის ხმები ცვლილებების ერთპიროვნულად მისაღებად.
გამსვლელი ბარიერის შეცვლით ყველაზე მეტად პატარა პარტიები არიან დაინტერესებული. ბოლო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა ამჟამად შეუძლია მხოლოდ სამ პარტიას - „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“.