თბილისი, 14 დეკემბერი - Sputnik. 14 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ-დოზით აცრა 34.249 ადამიანს ჩაუტარდა, ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ჯამში, 2021 წლის მარტიდან ქვეყანაში COVID-19-ის წინააღმდეგ 2.324.131 აცრა გაკეთდა.
სრულად (ორჯერადად) აცრილია 1.052.986 ადამიანი, ანუ ზრდასრული მოსახლეობის 36,7%.
გასული დღის განმავლობაში აიცრა 10.948 ადამიანი, რაც წინა დღეების მაჩვენებელზე მეტია.
ამასთან, ცენტრის ცნობით, აცრების რაოდენობის ზრდა ბუსტერ დოზების გამო ფიქსირდება.
ეპიდემიოლოგები ვაქცინის ბუსტერ, ანუ მესამე დოზის აუცილებლობას საქართველოში „ომიკრონის“ ახალი შტამის შემოსვლის გარდაუვალობით ხსნიან, რომელიც წინამორბედ შტამებთან შედარებით სწრაფად ვრცელდება და მისგან დაცვა ვაქცინის მხოლოდ მესამე დოზას შეუძლია.
სწორედ ამის გათვალისწინებით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 7 დეკემბერს შეამცირა ვაქცინის ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა ექვსიდან სამ და ხუთ თვემდე, საწყისი ვაქცინის მიხედვით.
ადამიანებმა, რომლებიც Pfizer-ის ვაქცინით აიცრნენ, ბუსტერ-დოზა მეორე ვაქცინის გაკეთებიდან სულ მცირე ხუთი თვის შემდეგ უნდა გაიკეთონ.
მათ, ვინც მიიღო ჩინური Sinovac და Sinopharm ვაქცინები, ბუსტერ დოზა სამი თვის შემდეგ უნდა გაიკეთონ.
რაც შეეხებათ AstraZeneca-თი ვაქცინირებულებს, მათ შეუძლიათ Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზა მეორე აცრიდან ხუთი თვის შემდეგ გაიკეთონ.