COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი კვლავ დაბალია

Sputnik
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. ქვეყანაში, სადაც პირბადის ტარების მაჩვენებელი 30%-ს არ აღემატება, რთულია ვირუსის მართვაზე საუბარი, განაცხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძემ.
ქართველი ეპიდემიოლოგები ლეტალობის მაღალ მაჩვენებელზე საუბრობენ – ყოველდღიურად ვირუსს საშუალოდ 50-60 ადამიანი ეწირება. პანდემიასთან ბრძოლის ძირითად მექანიზმად სპეციალისტები იმუნიზაციას ასახელებენ.
ექიმები მოსახლეობას ვაქცინაციაში ჩართვისკენ და ზოგადი რეგულაციების – პირბადის ტარების, სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.
„რატომღაც ვერ ვიღებთ წარმატებულ შედეგს და ვერც მივიღებთ. იმ ქვეყანაში, სადაც ნიღბის ტარების მაჩვენებელი 30%-მდეა, ძალიან რთულია საუბარი წარმატებებზე", – განაცხადა ტაბიძემ.
ექსპერტის თქმით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია თანდათან სტაბილურდება, თუმცა გარდაცვლილთა რაოდენობა კვლავ მაღალია.
COVID-19 - ბოლო ცნობები
საქართველო ვაქცინაციის პროგრამის გასაგრძელებლად ევროკავშირისგან თანხას მიიღებს
„ჩვენ სტაბილიზაციისკენ მივდივართ, მაგრამ გარდაცვალების მაჩვენებელი მაინც მაღალია მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა და მოწოდებისა, რომ დავიცვათ ჯანმოს მიერ დადგენილი რეგულაციები“, – განაცხადა ტაბიძემ.
გარდა პირბადის ტარების დაბალი მაჩვენებლისა, ქვეყანაში დაბალი ტემპით მიმდინარეობს მოსახლეობის ვაქცინაცია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისათვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 894.801-ს მიაღწია. ვირუსს 12.826 ადამიანი ემსხვერპლა. სულ ჩატარებულია 2,3 მლნ აცრა.
ქართველი ექიმები ქვეყანაში კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამის გავრცელებას ელოდებიან, რომელიც მეზობელ თურქეთში უკვე დაფიქსირდა. ეპიდემიოლოგები ახალ შტამთან საბრძოლველად მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე, ე.წ. ბუსტერ–დოზის გაკეთებას ურჩევენ.