თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. იმისათვის, რომ კორონავირუსის ახალი შტამისგან დაიცვას თავი, ადამიანს მინიმუმ 300 Bau/მლ ანტისხეული უნდა ჰქონდეს, აცხადებს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, იმუნოლოგი ნიკოლაი კრიუჩკოვი.
მისი თქმით, იმუნიტეტის უსასრულოდ ამაღლება საჭირო არ არის, თუმცა მისი მაღალი დონის შენარჩუნება აუცილებელია.
„300 Bau/მლ — ეს არის ის მინიმუმი ახლა, რომელიც რაღაც დაცვას განაპირობებს. ანუ 50, 60 და 100 Bau/მლ — ეს ის არ არის, რის იმედადაც შეიძლება იყოთ, მიუხედავად იმისა, რომ ესეც დადებითი შედეგია. ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლში ანტისხეულები არსებობს, მაგრამ ისინი ცოტაა“, — აღნიშნა იმუნოლოგმა.
ექსპერტის თქმით, რევაქცინაციის გაკეთება ყოველ ექვს თვეში ერთხელაა რეკომენდებული, ვინაიდან დროთა განმავლობაში იმუნიტეტი ქვეითდება და ადამიანი მოწყვლადი ხდება ვირუსის წინაშე.
კრიუჩკოვის თქმით, ახალი შტამის აფეთქება 2022 წლის იანვრის ბოლოსთვისაა მოსალოდნელი, ამიტომ ვაქცინაციისა და რევაქცინაციის გადადება არ ღირს.
„დრო არც ისე ბევრია. ვაქცინაციის შემდეგ იმუნიტეტის ჩამოყალიბებას მინიმუმ ოთხი კვირა სჭირდება, ხოლო მის ამოქმედებას — 5-6 კვირა. ამიტომ თუ იანვარში დაიწყებთ ამაზე ზრუნვას, დიდი ალბათობით, დაგვიანებული იქნება“, — გვაფრთხილებს იმუნოლოგი.
მანამდე ისრაელის უდიდესი სამედიცინო ცენტრის სწავლულებმა კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ „ომიკრონისგან“ დასაცავად ვაქცინა Pfizer-ის ორი დოზა საკმარისი არ არის.
კვლევაში თავად ცენტრის ვაქცინირებული თანამშრომლები მონაწილეობდნენ. ისინი ორ ჯგუფად დაყვეს. პირველში შევიდნენ ისინი, ვისაც მეორე აცრა დაახლოებით ექვსი თვის წინ ჰქონდა გაკეთებული, მეორეში კი ისინი, ვინც ბუსტერული დოზითაც იყო ვაქცინირებული.
კვლევამ აჩვენა, რომ Pfizer-ით ხუთი-ექვსი თვის წინ აცრილებს არ გააჩნიათ „ომიკრონისგან“ დაცვა, თუმცა ისინი ჯერაც დაცულები არიან „დელტასგან“.