თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Myway Airlines-ის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომლის საფუძველზეც ავიაკომპანია ფრენების განახლებას უახლოეს მომავალში შეძლებს, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, სასამართლომ შეაჩერა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაწყვეტილება, რომელიც Myway Airlines-ს ავიარეისების განხორციელებას უკრძალავდა.
5 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიისთვის ლიცენზიის გაუქმების შესახებ განცხადება გაავრცელა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად დასახელდა კომპანიის აქციების 89%-ის მიყიდვა უცხოეთის მოქალაქისთვის, რაც საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა. კანონის თანახმად, საჰაერო გადაყვანა–გადაზიდვის მოწმობა გაიცემა საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომელშიც საქართველოს მოქალაქე ან ქვეყანაში დაფუძნებული იურიდიული პირი ფლობს აქციების 50%-ზე მეტს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს აღნიშნული გადაწყვეტილება ავიაკომპანიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 დეკემბერს გაასაჩივრა.
MyWay Airlines საქართველოში ჩინურმა Hualing Group-მა 2018 წელს დააარსა. იმავე წლის ნოემბერში საქართველოში ჩინეთიდან ჩამოიყვანეს 43,4 მლნ დოლარის ღირებულების ორი თვითმფრინავი. პირველი ავიარეისი კომპანია 2019 წლის მარტის ბოლოს თეირანის მიმართულებით შეასრულა.