თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამის გავრცელების მასშტაბის გათვალისწინებით, საქართველოში აღნიშნული შტამით მოსახლეობის 99% დაინფიცირდება, განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, „ომიკრონ“ შტამი ყველა ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს და იმ შემთხვევაში, თუ იგი საქართველოში გავრცელდება, გაიზრდება რეინფიცირების შემთხვევებიც. მისი ვარაუდით, შესაძლოა, ინფიცირების გამოვლენილი შემთხვევების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა 10 ათასს გადააჭარბოს, რაც ჯანდაცვის სისტემისთვის სრული კატასტროფა იქნება.
„ახალი შტამის გავრცელების შემთხვევაში 1,5 მილიონი ადამიანიდან, რომელთა იმუნური სისტემა „ომიკრონს“ მოუმზადებელი ხვდება (არავაქცინირებული პირები, რომელთაც არც ვირუსი აქვთ გადატანილი), ერთი პროცენტი, დაახლოებით 14-15 ათასი ადამიანი დაიღუპება. ეს არის სამწუხარო რეალობა და პროგნოზი", – განაცხადა კულუმბეგოვმა.
მისი განმარტებით, გამოვლენის შემთხვევაში „ომიკრონი“ დომინანტური აუცილებლად გახდება, რადგან ვირუსის ამ ვარიანტს გავრცელების უპრეცედენტოდ მაღალი შესაძლებლობები აქვს.
„ომიკრონთან“ დაკავშირებით ჯანმთელობის მსოფლიო ორგანიზიაციას ორი რეკომენდაცია აქვს – ვაქცინაციის გააქტიურება და ე.წ. ბუსტერ–დოზის აქტიური გამოყენება.
„ბუსტერის“ გაკეთების შემთხვევაში ორგანიზმის დაცვის მაჩვენებელი თითქმის 75%-ს უტოლდება, მაშინ, როცა ორი ვაქცინის ჩატარების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 35%-ია. ადამიანები სასწრაფოდ უნდა ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში და სრულად ვაქცინირებულებმაც კი გაიკეთონ ვაქცინის მესამე დოზა. აქტიური ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი, რომ წინ აღვუდგეთ ახალი შტამის დამაზიანებელ მოქმედებას“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ-დოზის გაკეთების ვადა ექვსიდან ხუთ თვემდე შეამცირა. ვაქცინის მეორე და მესამე დოზებს შორის ინტერვალის შემცირება ქვეყანაში კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამის გავრცელების საფრთხეებთან არის დაკავშირებული.
ქვეყანაში „ბუსტერ–დოზა“ ძირითადად Sinopharm-ის და Pfizer-ის ვაქცინებით კეთდება. თუმცა, მოსახლეობა უპირატესობას Pfizer-ს ანიჭებს.
Pfizer-ის პრეპარატით ვაქცინირებული პირები „ბუსტერ-დოზის“ გაკეთებას მეორე აცრიდან ხუთი თვის შემდეგ შეძლებენ. მათ კი, ვინც ვაქცინაცია ჩინური Sinovac-ით და Sinopharm-ით ჩაიტარა, მესამე ვაქცინის გაკეთება ბოლო აცრიდან სამი თვის შემდეგ შეუძლიათ.
კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამი, რომელიც მეზობელ თურქეთში უკვე დაფიქსირდა, საქართველოში ჯერ არ გამოვლენილა.