თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. თბილისში სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ხორცპროდუქტების ახალი საწარმო ამოქმედდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე.
პრემიერის განცხადებით, საწარმოში 300-მდე ადამიანი დასაქმდება.
ამ მიზნით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შპს „ნიკორას" სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები.
„ხორცის გადამამუშავებელი ახალი საწარმო აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების უახლესი დანადგარებით და მის მშენებლობა–აღჭურვაში 15 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ. პროგრამები მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მეშვეობით 2013 წლიდან დღემდე ჯამურად მხარდაჭერილია 800-ზე მეტი პროექტი. მოზიდულმა ინვესტიციამ 1,8 მლრდ ლარს გადააჭარბა და შეიქმნა 30 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.
კომპანია „ნიკორა“ ქართული კაპიტალით 1998 წელს დაარსდა და ის ერთ-ერთი ლიდერია საქართველოს კვების პროდუქტების ბაზარზე. კომპანია ამჟამად აწარმოებს 500-ზე მეტი დასახელების პროდუქტებს, კერძოდ, ხორცის ნაწარმს და ნახევარფაბრიკატებს, რძის პროდუქტებს, პურპროდუქტებს, სალათებს და ღვინოს.
კომპანია ფლობს საწარმოს ფოთში და საკალმახე მეურნეობას ოზურგეთში, ასევე საკუთარ სავაჭრო ქსელს, რომელიც 300 სუპერმარკეტს მოიცავს. კომპანიაში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 7 ათას ადამიანს აჭარბებს.