თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერია მომდევნო სამ წელიწადში მეტროპოლიტენისთვის 11 მატარებელს შეიძენს – დაგეგმილია 44 ახალი ვაგონის შესყიდვა, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით 49,2 მლნ ევროს შეადგენს. ინფორმაციას მერიის პრეს-სამსახური ავრცელებს.
უკვე გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელმაც 36 თვის განმავლობაში ვაგონების მოწოდება უნდა უზრუნველყოს. წელიწადში რვა ვაგონის შემოყვანა იგეგმება.
გარდა ამისა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით დაგეგმილია მეტროს ათი სადგურის რეაბილიტაცია. სარემონტო სამუშაოებისთვის წინასწარი ბიუჯეტი 45 მლნ ევროა.
დაგეგმილია „გურამიშვილის“, „სადგურის მოედნის“, „სარაჯიშვილის“, „მარჯანიშვილის“, „თავისუფლების მოედნის“, „300 არაგველის“, „რუსთაველის“, „ისნის“, „წერეთლის“ და „ნაძალადევის“ მეტროს სადგურების რეაბილიტაცია.
რაც შეეხება მეტროს სადგურ „ვარკეთილს“, აქ მთავრდება პროექტირების სამუშაოები. სამშენებლო სამუშაოების დაწყება მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება. მეტრო „ვარკეთილში“ 2018 წლის იანვარში უბედური შემთხვევა მოხდა – შეკიდული ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ დედაქალაქის მერია მეტროს ამ სადგურის მოდერნიზაციას გეგმავს.
მერიის ინფორმაციით, მეტროს სადგურ „გოცირიძის“ სარემონტო სამუშაოები შვიდ თვეში დასრულდება. სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2020 წლის აგვისტოში დაიწყო და მისი დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმებოდა. მაგრამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან პრობლემები შეიქმნა. კომპანიას ჯარიმა დაეკისრა.
ამასთან, მეტროს სადგურ „გოცირიძის“ (მათ შორის ბაქნის) რეაბილიტაციის მიზნით 11 ნოემბერს დაიდო ხელშეკრულება ახალ კომპანიასთან შპს "მამისონთან". სამუშაოების დასრულება დაგეგმილია შვიდ თვეში“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.
რაც შეეხება მეტროს სადგურ „ახმეტელსა“ და „მარჯანიშვილს“, დედაქალაქის მერია აქტიურად მუშაობს ესკალატორების მოწყობაზე. ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს აზიის განვითარების ბანკთან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები, რის საფუძველზეც მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.
ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე – ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. მეტროს ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი. აქედან პირველი ხაზი 40 კილომეტრია, ხოლო მეორე – 17 კმ.