„საქართველოს მეფეები“ – ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების გაყიდვას აგრძელებს

სულ გაიყიდება 500 ოქროს მონეტა თამარ მეფის გამოსახულებით, თითოეულის ფასი 1500 ლარია.
Sputnik
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. ხვალ, 14 დეკემბერს თამარ მეფის თემაზე შექმნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ოქროს მონეტის რეალიზაცია მოხდება, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს ეროვნული ბანკი ავითარებს ნუმიზმატიკურ მიმართულებას და საქართველოს ისტორიის პოპულარიზაციის მიზნით განაგრძობს მუშაობას საკოლექციო სერიაზე „საქართველოს მეფეები". ამ წლის ბოლომდე გასაყიდად გამოვა დავით აღმაშენებლის ვერცხლის მონეტები და თამარ მეფის ოქროსა და ვერცხლის მონეტები. დავით აღმაშენებლის გამოსახულებით ოქროს მონეტა 13 დეკემბრიდან იყიდება.
ოქროს და ვერცხლის მონეტები თამარ მეფის და დავით აღმაშენებლის გამოსახულებით
16 დეკემბერს გაიყიდება თამარ მეფის თემაზე შექმნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტები.
დავით აღმაშენებლის თემაზე შექმნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტის გაყიდვა 15 დეკემბერს მოხდება.
დავით აღმაშენებლის და თამარ მეფის მონეტები ლიეტუვის ზარაფხანაშია მოჭრილი. სულ მოიჭრა 3 ათასი ვერცხლის მონეტა, თითოეულის ფასი 110 ლარია. ასევე გაიყიდება 500 ოქროს მონეტა, თითოეულის ფასი 1500 ლარია.
ეროვნულმა ბანკმა „საქართველოს მეფეების" სერიიდან მონეტის ესკიზზე კონკურსი გამოაცხადა
„შეძენილი ოქროს მონეტები (დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე) მომხმარებელს დეკემბრის თვის განმავლობაში მიეწოდება, ხოლო ვერცხლის მონეტები (დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე) კი - 2022 წლის იანვრის განმავლობაში“, – ნათქვამია ბანკის ინფორმაციაში.
საკოლექციო მონეტის შეძენა მხოლოდ ელექტრონული პლატფორმის – www.tkt.ge საშუალებით იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკი მოუწოდებს მონეტების შეძენის მსურველებს, მონეტების შეძენის წესებსა და პირობებს წინასწარ გაეცნონ სპეციალურ ბმულზე.
მონეტების გაყიდვის პროცესი 14, 15 და 16 დეკემბერს 10:00 საათზე გაიმართება.