თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მეფე გიორგი ბრწყინვალის თემაზე სერიიდან „საქართველოს მეფეები" საკოლექციო დანიშნულების ოქროსა და ვერცხლის მონეტების დიზაინის ესკიზების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა.
საქართველოს ეროვნული ბანკი ავითარებს ნუმიზმატიკურ მიმართულებას და საქართველოს ისტორიის პოპულარიზაციის მიზნით განაგრძობს მუშაობას საკოლექციო სერიაზე „საქართველოს მეფეები". ამ წლის ბოლომდე გასაყიდად გამოვა დავით აღმაშენებლის ვერცხლის მონეტები და თამარ მეფის ოქროსა და ვერცხლის მონეტები.
5 ლარის ნომინალის მონეტები: ოქროს მონეტა (900 სინჯი) დიამეტრით 25 მილიმეტრი, წონა – 8,5 გრამი, ვერცხლის მონეტა (925 სინჯი) – წონა 17 გრამი, დიამეტრი – 34 მილიმეტრი.
საკონკურსო მასალები საქართველოს ეროვნულ ბანკში მიიღება როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული ფორმით 2022 წლის 10 იანვრამდე. კონკურსანტს შეუძლია წარადგინოს არაუმეტეს სამი ესკიზისა.
დიზაინის ესკიზის შესარჩევი კომიტეტი გამარჯვებულს გამოავლენს არაუგვიანეს 10 თებერვლისა.
საუკეთესო ესკიზის მფლობელი ფულადი პრიზით – 4 ათასი ლარით დაჯილდოვდება; ერთი მხარის დიზაინისთვის კი 2 ათასი ლარით.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, თუ საკუნკურსო პერიოდში არცერთი ესკიზი არ იქნება წარმოდგენილი, მაშინ ჩაითვლება, რომ ის არ შედგა. ხოლო თუ არცერთი წარმოდგენილი ესკიზი არ იქნება დამტკიცებული და არჩეული ობიექტური მიზეზების გამო, კონკურსი ითვლება დასრულებულად უარყოფითი შედეგით. ახალი კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო მიიღებს.
გიორგი V ბრწყინვალე საქართველოში მეფობდა 1314-1346 წლებში. მან გაათავისუფლა საქართველო მონღოლთა საუკუნოვანი ბატონობისგან. აღადგინა ქვეყნის ყოფილი ძალაუფლება და ქრისტიანული კულტურა.