თბილისი, 11 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება თბილისის ტერიტორიის 270 ჰექტარი მიწის გარდაბნის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის შესახებ - დოკუმენტი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
საუბარია ტერიტორიაზე კრწანისში, რომელიც ესაზღვრება სოფელ თელეთს.
მიწის გადაცემა მოხდა საინვესტიციო პროექტის გამო თელეთში, რომელიც შპს Primera Golf & Residence-ის საცხოვრებელი კორპუსის და დასასვენებელი ზონის მშენებლობას ითვალისწინებს.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, სამშენებლო მოედნის ნაწილი, რომელზეც სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და კომპანიას შორის ხელშეკრულება გაფორმდა, თბილისის ტერიტორიაზე იყო განთავსებული.
კომპანიამ უკვე ააშენა გოლფის მოედანი, თუმცა, როდესაც საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო, მაინც მიმართა მთავრობას თხოვნით, რომ საცხოვრებელი კომპლექსი ოფიციალურად ყოფილიყო თელეთის ტერიტორიაზე.
კომპანიის თხოვნა დაკმაყოფილდა და მთავრობამ პარლამენტს მიმართა, რომელმაც შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.