თბილისი, 11 დეკემბერი - Sputnik. კინოთეატრ „ამირანში“ თბილისის რიგით 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
უცხოელი პროდიუსერებითა და კინოკრიტიკოსებით დაკომპლექტებულმა 3-კაციანმა ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა სამ ნომინაციაში:
მთავარი ჯილდო - „ოქროს პრომეთე“ რეჟისორ სოსო ბლიაძის ახალ ფილმს „ოთარის სიკვდილი“ გადაეცა (ნომინაცია - საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი).
საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ჯილდოები გაინაწილა ორმა პროექტმა: სალომე ჯაშის „მოთვინიერებამ” და თათია სხირტლაძის „დიდება დედოფალს”.
მოკლემეტრაჟიანი ფილმების ნომინაციაში ფესტივალის ჟიურიმ საუკეთესოდ მირანდა ნამიჭეიშვილის ნამუშევარი „ტვირთი“ დაასახელა.
სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის კატეგორიაში განსაკუთრებული აღნიშვნა მნიშვნელოვან თემებზე დაიმსახურა ფილმმა „სველი ქვიშა“ (რეჟისორი ელენე ნავერიანი);
ასევე განსაკუთრებული აღნიშვნა მიიღო დებიუტანტმა მსახიობმა მარინე ყუბანეიშვილმა ფილმში „რატომ ვართ ერთად“ შესრულებული როლისთვის.
განსაკუთრებული აღნიშვნა დაიმსახურა ლევან თედიაშვილმა მამაკაცის მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში „მეოთხე ბრაიტონი“.
მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაში განსაკუთრებული აღნიშვნა სამსახიობო ანსამბლისთვის მიიღო ფილმმა „პაპანაქება“ (რეჟისორი თორნიკე გოგრიჭიანი), ხოლო კამერისა და განათებისთვის ფილმმა „სასტუმრო მირაჟი“ (რეჟისორი გურამ ბაქრაძე).
კიდევ ერთი, 90-წამიანი ფილმების კონკურს „დეფიქთ”-ის შედეგები ხვალ გახდება ცნობილი.
22-ე თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ფრანგი რეჟისორის და მსახიობის , ლუი გარელის ფილმის „ჯვაროსნული ლაშქრობა” ჩვენებით დაიხურა.
საერთაშორისო ჟიურის წევრები არიან: იაელ ფოჟიე (ფრანგი პროდიუსერი), ანდრეი ხალპახჩი (კიევის საერთაშორისო კინოფესტივალ „მოლოდისტის“ დირექტორი, უკრაინა) და კრისტიან ფეიგელსონი (კინოკრიტიკოსი, სოციოლოგი, კინოს ისტორიკოსი და მეცნიერი).
თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, თბილისის მერია, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქართული ფილმის განვითარების ფონდი, ბრიტანეთის საბჭო, გოეთეს ინსტიტუტი, ფრანგული ინსტიტუტი, შვედეთის საელჩო, ისრაელის საელჩო, იტალიის საელჩო და კანადის საელჩო.