თბილისი, 11 დეკემბერი - Sputnik. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) კონკურსში სამეგრელოს შესახებ გადაღებული პრომო-ვიდეო გამარჯვებულებს შორის მოხვდა, ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ავრცელებს.
აღნიშნული კონკურსი UNWTO-ს 24-ე გენერალური ასამბლეის წინ დაიწყო. კონკურსში მონაწილეებს უნდა წარმოედგინათ ადამიანური სახეები, საინტერესო ისტორიები, რომლებიც წარმოაჩენდა, თუ რა დადებითი სოციალური გავლენა შეიძლება მოუტანოს ტურიზმმა რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს.
მონაწილეებს ასევე უნდა წარმოეჩინათ, თუ როგორ ხორციელდება რეგიონში ტურიზმის სექტორის წინსვლა ორგანიზაციის მიერ გაცხადებულ „2030 წლამდე დღის წესრიგში მდგრადი განვითარებისთვის“ 17 გლობალური მიზნიდან ერთი ან რამდენიმე მიმართულებით.
„საქართველომ და განსაკუთრებით – სამეგრელომ გაიმარჯვა. გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კონკურსში სამეგრელოს პრომო-ვიდეო მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორის ერთ-ერთ საუკეთესოდ დასახელდა. ვიდეო შექმნილია ჩვენი მეგობრებისა და მჭიდრო პარტნიორის USAID/Georgia The USAID Economic Security Program დახმარებით, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდი მათ!“ წერს მარიამ ქვრივიშვილი.
საკონკურსო ნამუშევრები განიხილა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ, რომელიც მადრიდში UNWTO-ს გენერალური ასამბლეის გასაშუქებლად იმყოფებოდა.
აღსანიშნავია, რომ 2 დეკემბერს ქართველი დიპლომატი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის პოსტზე მეორე ვადით დაამტკიცეს, ხოლო საქართველო პირველად აირჩიეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO) – წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა ტურიზმის სფეროში, რომელიც სტაბილური და ყველასთვის ხელმისაწვდომი ტურიზმის განვითარებით არის დაკავებული.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და წარმოადგენს მტო-ს მმართველ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის ეფექტურ მუშაობას და განიხილავს გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს.