სააკაშვილის მდგომარეობას ფსიქიატრი შეისწავლის

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა სააკაშვილის მდგომარეობის შემოწმება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გავრცელდა ინფორმაცია მისთვის ფსიქოტროპული პრეპარატების დიდი დოზების მიცემის შესახებ
Sputnik
თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, ექიმმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა, რომ კონსილიუმში პედიატრი ჩაერთო, რომელიც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას შეისწავლის.
„ჩაი დამალევინა“ - ბუბა კიკაბიძემ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა
რამდენიმე დღის წინ ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს როგორც ციხეში, ისე ციხის საავადმყოფოში დიდი დოზით ფსიქოტროპულ მედიკამენტებს აძლევდნენ. თავის მხრივ, სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა ნინო გოგორიშვილმა ადრე განაცხადა, რომ ფსიქოტროპული პრეპარატები ექს-პრეზიდენტს დაუნიშნეს ძილის პრობლემების გამო, რომლებიც ჯერ კიდევ ციხეში მოხვედრამდე და შიმშილობამდე დაეწყო.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი დასუსტდა, უჭირს ფეხზე დგომა და საუბარი, ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ იღებს ფსიქოტროპული ნივთიერებების დიდ დოზებს, ამიტომ საჭირო გახდა კონსილიუმის მიერ ექს-პრეზიდენტის მონახულება საავადმყოფოში. და ჩვენ დავაკვირდებით, რა მედიკამენტოზურ მკურნალობას იღებს, განაცხადა გრიგოლიამ.
50-დღიანი შიმშილობის შემდეგ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოდან გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც ის რეაბილიტაციის კურსს გადის.
იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, მკურნალობის დასრულების შემდეგ სააკაშვილს რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ, სადაც დაკავების შემდეგ, 1 ოქტომბერს მოათავსეს. მას 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, ხოლო კიდევ სამ საქმეზე განაჩენი ჯერ არ გამოუტანიათ.