უფრო ზუსტად, სკოლის დირექტორებს უფლება მისცა, რომ მათ მისცეს სკოლებში სწავლების გაგრძელების უფლება მანამ, სანამ მათ ვაკანსიაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგად უკეთესი კადრი არ დაინიშნება. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა, პრაქტიკოსმა პედაგოგებმა არა მხოლოდ მიმდინარე სასწავლო წელი ჩაათავონ, არამედ 2022-23 წლებისთვისაც გამოთქვან საშუალო სკოლაში სწავლების პრეტენზია.
განათლებას საქართველოში ცალკე პანდემია უტევს და ცალკე - პედაგოგების დაბალი დონე. საქმე ის გახლავთ, რომ ბოლო 30 წლის მანძილზე ერთი მინისტრის აღმა ხნულს მეორე დაღმა ფარცხავდა, რასაც შედეგად ის მოჰყვა, რომ აღარც პედაგოგების მომზადების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები არსებობდა და აღარც ახალი თაობა, რომელიც ამ დაბალანაზღაურებად სფეროში მოინდომებდა მუშაობას. მართალია, ხელისუფლებამ რამდენიმე მცდელობით საკმაოდ გაზარდა პედაგოგების ანაზღაურება და ახლა ისინი ჯარისა და სამართალდამცავი სტრუქტურების შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე ნორმალურ ანაზღაურებად საქმიანობას ეწევიან, მაგრამ ეხლა დღის წესრიგში თავად პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლების საკითხი დგას.
სწორედ საშუალო განათლების სფეროში არსებული სიტუაცია იქცა ამ დღეებში პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე ცხარე დისკუსიის საგნად, როცა პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ფერაძემ გამოთქვა აზრი, რომ პედაგოგების მხრიდან კვალიფიკაციის ამაღლება და გამოცდების ჩაბარება ნებაყოფილობითი გახდეს და მუხლი პრაქტიკოსი პედაგოგის სკოლიდან გაშვების შესახებ კანონიდან საერთოდ ამოვარდეს.
განათლების სამინისტრო და პარლამენტი ამ მიდგომას არ იზიარებენ, რადგან თვლიან, რომ პრაქტიკოს პედაგოგებს კანონმა ისედაც ბევრი შეღავათი დაუწესა. 2021 წელს, მასწავლებლის სახლის ინფორმაციით, პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებლის საგნის გამოცდაზე 7327 მასწავლებელი დარეგისტრირდა, გამოცდაზე გავიდა 5340. გამოცდაზე გასული მასწავლებლებიდან სტატუსი აიმაღლა და გახდა უფროსი – 1123 მასწავლებელი, საიდანაც 1079-ს სტატუსი სექტემბრის ბოლოს მიენიჭა, 44 მასწავლებელს კი - ოქტომბრის დასაწყისში. გამოცდაზე გასულებიდან 2 886-მა მასწავლებელმა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა. ასევე, პროფესიული უნარების გამოცდაში ზღვარი ვერ გადალახა 2 365-მა მასწავლებელმა. საგნის კომპეტენციის დადასტურებისთვის გამოცდაზე გასული პრაქტიკოსებიდან ერთი ან ნახევარი ქულა დააკლდა 264 პედაგოგს; უნარების კომპეტენციის დადასტურებისთვის კი, გამოცდაზე გასული პრაქტიკოსებიდან ერთი ან ნახევარი ქულა დააკლდა 156 პედაგოგს.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილების შესაბამისად, იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების სამუშაო ადგილზე, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე გავიდნენ საგნის ან/და პროფესიული უნარების გამოცდაზე და ვერ აიმაღლეს სტატუსი, სკოლის ადმინისტრაცია, 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა, აცხადებს კონკურსს. მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის შეუვსებლობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, საჭიროებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია,პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე, დაასაქმოს მოცემულ პოზიციაზე, ვაკანსიის შევსებამდე, უსტატუსოდ.
პედაგოგებმა, რომლებმაც სისტემა 2022 წლიდან უნდა დატოვონ, განათლების სამინისტროსთან არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მიხეილ ჩხენკელთან ითხოვდნენ. შემდეგ კი მასწავლებლებმა, რომელთა ჩანაცვლებასაც კანონი ითვალისწინებს, განათლების მინისტრის გადადგომა მოითხოვეს.
ის, რომ პრაქტიკოსი პედაგოგები, სამინისტროს მრავალი ძალისხმევის მიუხედავად, მინიმალური კომპეტენციის ზღვარს ვერ ლახავენ და 19 კრედიტქულას ვერ აგროვებენ, ცხადია, ცუდად აისახება მათი მოსწავლეების განათლების დონეზე. ქართლ საგანმანათლებლო სისტემაში, რეფორმის დაწყებამდე, პედაგოგებად მუშაობდნენ ადამიანები, რომელთაც უმაღლესი ან პროფესიული განათლება საერთოდ არ ჰქონდათ და მხოლოდ ზოგადი განათლებით შემოიფარგლებოდნენ. მეორეს მხრივ, მასწავლებლის სახლის მიერ გადამზადებული პროფესიონალები ვერ საქმდებოდნენ იმის გამო, რომ ვაკანტური პოზიციები არ იყო. მეტ-ნაკლები ინტერესი მასწავლებლის პროფესიის მიმართ მას შემდეგ გაჩნდა, რაც მთავრობამ განათლება პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა და ხელფასებიც ამ სფეროში საკმაოდ გაიზარდა.
ასეა თუ ისე, უსტატუსო პედაგოგებს მთავრობამ მასწავლებელთა პროფესიული განათლების სქემაში შეტანილი კიდევ ერთი ცვლილებით კიდევ ერთხელ მისცა შანსი, კომპეტენცია დაადასტურონ, ანდა კლასები და სასწავლო წელი ბოლომდე მიიყვანონ.
სტატისტიკის ეროვნილი სააგენტოს მონაცემებით, 2019/2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 63 780 პედაგოგი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.3%- ით ნაკლებია. მასწავლებელთა დიდ უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 86.8%, ხოლო კაცების წილი 13.2% -ია. პედაგოგთა რაოდენობა 2021-22 სასწავლო წლებისათვის კიდევ უფრო შემცირდა და 63 ათასამდე გახდა, თუმცა ხარისხიანი განათლების მიღება საქართველოს საჯარო სკოლებში ჯერ კიდევ ბევრ ძალისხმევას მოითხოვს.