არჩევნები 2021

ოპოზიციის ბოიკოტი საკრებულოებში: ოთხ მუნიციპალიტეტში შესაძლოა კვლავ არჩევნები გაიმართოს

ოპოზიციის ქმედებები მერიების მუშაობას ხელს ვერ შეუშლის, რადგან 2022 წლის მუნიციპალური ბიუჯეტები უკვე მიღებულია, განაცხადა სუბარმა.
Sputnik
თბილისი, 11 დეკემბერი - Sputnik. იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ოპოზიციის ბოიკოტის გამო ვერ ხერხდება საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა, ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.
მცდელობა №2: ზუგდიდში, წალენჯიხასა და სენაკში საკრებულოს თავმჯდომარეები კვლავ ვერ აირჩიეს
ოქტომბერში საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები გაიმართა - მოქალაქეებმა აირჩიეს ქვეყნის 64 ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მერები და საკრებულოს დეპუტატები. კენჭისყრის შედეგებით, ოპოზიციონერი მერი ერთ მუნიციპალიტეტში აირჩიეს, ექვსი მუნიციპალიტეტის საკრებულოებში ოპოზიციამ მანდატების უმრავლესობა მოიპოვა. სწორედ ამ ოლქებში ვერ ხერხდება საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა, რადგან ოპოზიცია სხდომებზე საბოტაჟს აწყობს.
დოზარმა მომხდარს ლოკალური კრიზისი უწოდა.
„იმედია, მონახავენ გამოსავალს. სადაც ვერ მოინახება გამოსავალი, იქ იქნება საკრებულოს არჩევნები“, – განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა.
ამასთან სუბარმა კვლავ დაადანაშაულა მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციულ ქმედებებში.
ვინ გაიყიდა? ჩხოროწყუს საკრებულოში თავმჯდომარე ვერ აირჩიეს
„ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ მუშაობაში ხელი შეუშალონ თვითმმართველობებს, ცენტრალურ ხელისუფლებებს და საბედნიეროდ, ისინი ამას ვერ აღწევენ. თუმცა, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში შეიძლება, მცირე პრობლემები შექმნან“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში შეინიშნება თანამშრომლობა „ნაცმოძრაობასა“ და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ შორის.
„ვულოცავ, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს ერთმანეთთან ურთიერთობაში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ 2022 წლის მუნიციპალური ბიუჯეტები უკვე დამტკიცებულია, ამიტომ ოპოზიციის ქმედებები ხელს ვერ შეუშლის მერიებს, განახორციელონ ბიუჯეტში გაწერილი პროგრამები.
დმანისში საკრებულოს თავმჯდომარე აირჩიეს: ყოფილი ოპოზიციონერის 1 ხმა გადამწყვეტი აღმოჩნდა
პარასკევს ზუგდიდის, წალენჯიხისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს თავმჯდომარეების დანიშვნის მორიგი მცდელობა იყო, მაგრამ კვლავ უშედეგოდ დასრულდა. ერთი დღით ადრე კი ჩაიშალა ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარის დანიშვნა. მიზეზი ისევ კვორუმის არარსებობა გახდა. საკრებულოების შემდეგი სხდომები ერთ კვირაში გაიმართება.