თემქაზე ნახშირჟანგით ინტოქსიკაციის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ბინაში აკრძალული ღია წვის კამერიანი წყლის გამაცხელებელი ჰქონდა დამონტაჟებული.
Sputnik
თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. თბილისში მხუთავი აირით ინტოქსიკაციის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა, იუწყება „პირველი არხი“.
უბედური შემთხვევა თემქის რაიონში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში ღია წვის კამერიანი წყლის გამაცხელებელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული, რამაც, სავარაუდოდ, CO-ს დაგროვება გამოიწვია.
კომპანია „თბილისი ენერჯის“ თანამშრომლებმა აღნიშნული დანადგარი აბონენტს ორჯერ ჩაუჭრეს, მაგრამ მომხმარებელმა იგი თვითნებურად ისევ შეაერთა.
თბილისში მხუთავი აირით მოწამვლის შედეგად დედა-შვილი გარდაიცვალა
აღნიშნული ფაქტი დეკემბრის თვეში ნახშირჟანგით ინტოქსიკაციით გარდაცვალების უკვე მესამე შემთხვევაა.
გაზის დანადგარების უსაფრთხოდ გამოყენების საკითხი საქართველოში მეტად აქტუალურია. ბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც თბილისში გაზის გაჟონვის შედეგად ადამიანების გარდაცვალებისა და მოწამვლის შემთხვევები გახშირდა.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად თბილისში 150-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.