პროკურატურა: სააკაშვილს საზღვრის კვეთაში გიორგი ლორთქიფანიძე ეხმარებოდა

Sputnik
თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა და ის თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმის გამოძიების ფარგლებში ამ დროისათვის დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულია ოთხი პირი – ელგუჯა ცომაია, მამა-შვილი წოწორიები და გიორგი ნიორაძე.
ლომჯარია: სააკაშვილის ფსიქიკურ მდგომარეობას სპეციალისტები შეისწავლიან
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სწორედ ლორთქიფანიძემ შეიმუშავა ექს-პრეზიდენტის სამშობლოში არალეგალურად დაბრუნების გეგმა.
გამოძიების ცნობით, ლორთქიფანიძე ჯერ კიდევ 2021 წლის აპრილში შეხვდა ბრალდებულ ელგუჯა ცომაიას და გარკვეული დახმარების სანაცვლოდ დაიყოლია, რომ მისი კუთვნილი მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანით გადაეყვანა სააკაშვილი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე. სექტემბრის შუა რიცხვებში ლორთქიფანიძე კვლავ დაუკავშირდა ამჯერად საქართველოში მყოფ ცომაიას და მას უკრაინაში წასვლა მოსთხოვა. 20 სექტემბერს ცომაია საკუთარი სატვირთოთი უკრაინაში გაემგზავრა, სადაც ავტომანქანა რძის პროდუქტებით დატვირთა და ლორთქიფანიძის შემდგომ მითითებას დაელოდა.
26 სექტემბერს ჩერნომორსკის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გიორგი ლორთქიფანიძის კუთვნილი ავტომანქანით სააკაშვილი მიიყვანეს და ბრალდებულ ცომაიას კუთვნილი სატვირთოს სალონში არსებულ წინასწარ მოწყობილ სამალავში გადასვეს, რის შემდგომაც გადაკვეთეს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი და სატვირთო ავტომანქანა ბორანის ტიპის გემ VILNIUS-ზე შეიყვანეს.
28 სექტემბერს ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა გემი სახელწოდებით „ვილნიუსი“. აღნიშნული გემიდან 29 სექტემბერს, 01:04 საათზე ჩამოვიდა SCANIA-ს ფირმის, ცომაიას მფლობელობაში არსებული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება ტრაილერი, რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით. სწორედ აღნიშნულ ტრაილერში იმყოფებოდა ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი.
ლორთქიფანიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება.
გიორგი ლორთქიფანიძე ასევე ბრალდებულია 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების დარბევის საქმეში. მას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. აღნიშნული საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.