დმანისში საკრებულოს თავმჯდომარე აირჩიეს: ყოფილი ოპოზიციონერის 1 ხმა გადამწყვეტი აღმოჩნდა

Sputnik
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. დმანისში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა შეძლეს – თანამდებობა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა პაატა ყულიაშვილმა დაიკავა.
სხდომას „ქართული ოცნების“ 15 დეპუტატი და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი წევრი რამიზ რამაზანოვი ესწრებოდა. 16-ვე დეპუტატმა ყულიაშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.
რამაზანოვი, რომელმაც მანამდე „ნაცმოძრაობის“ რიგები დატოვა და საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით საქმიანობა გადაწყვიტა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გახდა.
ვინ გაიყიდა? ჩხოროწყუს საკრებულოში თავმჯდომარე ვერ აირჩიეს
სწორედ რამაზანოვის გამო ვერ მოახერხა დმანისის საკრებულომ რამდენიმე დღის წინ შეკრება. დეპუტატი რამდენიმე დღე ვერსად იპოვეს. ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებდნენ, რომ რამაზანოვი სპეცსამსახურებმა გაიტაცეს და მის გადაბირებას ცდილობდნენ, რამდენადაც საკრებულოს თავმჯდომარის არჩევისას მისი ერთი ხმა გადამწყვეტი იქნებოდა.

„ახლობლებთან ვიყავი. არანაირი დაშინება და ზეწოლა არ ყოფილა. მე პირადად გადავწყვიტე ასე“, – განაცხადა რამაზანოვმა ჟურნალისტებთან.

გასულ კვირაში დმანისის საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. სხდომას მხოლოდ „ქართული ოცნების“ 15 დეპუტატი ესწრებოდა, კვორუმისთვის კი 16 დეპუტატის მონაწილეობა იყო საჭირო.
თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით, „ქართულმა ოცნებამ“ დმანისის საკრებულოში უმრავლესობის ფორმირება ვერ შეძლო.
დმანისის საკრებულოში ხმები შემდეგნაირად არის გადანაწილებული: „ქართული ოცნება“ – 15, „ნაციონალური მოძრაობა“ – 13, „პროგრესი და თავისუფლება“ – 1 და ერთი მანდატი ახლა უკვე დამოუკიდებელ დეპუტატს აქვს.