თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 60 წლის ზემოთ ასაკის 80 ათასამდე ადამიანი აიცრა, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ზუსტად ერთი თვის წინ - 9 ნოემბერს საქართველოში დაიწყო 60 წელს ზემოთ ასაკის პირთა მატერიალური წახალისების პროგრამა - იმ შემთხვევაში, თუ ისინი ვაქცინაციას 31 დეკემბრის ჩათვლით ჩაიტარებენ, მათ 200-ლარიან ერთჯერად დანამატს გადასცემენ.
„ეს არის ყველაზე მოწყვლადი ასაკი. ამიტომ, სასურველია, რომ სრულად იყვნენ აცრილი. დღეს ამ ასაკის მხოლოდ 40%-ია აცრილი. მოგეხსენებათ, პროგრამის შესახებ 8 ნოემბერს გამოცხადდა და 9 ნოემბრიდან შევიდა ძალაში. ცხრიდან დღემდე 80 ათასამდე ადამიანია აცრილი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ეპიდემიოლოგის თქმით, კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების 85% სწორედ ამ ასაკობრივი ჯგუფის ადამიანებზე მოდის.
9 დეკემბრის მონაცემებით, ვაქცინაციის სრული კურსი ჩაიტარა 1.033.455-მა ადამიანმა, რაც ზრდასრული მოსახლეობის 36,2%-ს შეადგენს.