რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა: რამდენი სესხი გაძვირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
Sputnik
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. რეფინანსირების განაკვეთის 10,5%-მდე გაზრდის გამო საქართველოში ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 160 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ განცხადებაში.
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 8 დეკემბერს რეფინანსირების განაკვეთის 10%-დან 10,5%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
პროცენტის გაზრდის შედეგად გაძვირდა 167,7 ათასი სესხი – ჯამში 8,4 მლრდ ლარის ოდენობით. 1 ნოემბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 41,6%-ია.
„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება ეკონომიკაში მიმდინარე ინფლაციური პროცესების წინააღმდეგ მიმართული გამკაცრებული პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც ეკონომიკაზე მოქმედი შიდა და გარე ფაქტორების ერთობლივი ეფექტითაა გამოწვეული“, – ნათქვამია განცხადებაში.
რომელი სესხები გაძვირდა რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის გამო:
სესხის სახეობა, სესხის რაოდენობა, მოცულობა მლნ ლარში
იპოთეკური – 67.400 – 1.072
სამომხმარებლო – 64.900 – 2.892
ბიზნეს–სესხი – 33.500 – 2.892
ავტოსესხი – 700 – 17
გაურკვეველი მიზნობრიობის – 3.100 – 90