რას ვჭამთ: სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში 220 კგ ხორცი გაანადგურა

სურსათის სააგენტოს ინსპექტორები ხორცის და სხვა პროდუქტების ხარისხის კონტროლს ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ.
Sputnik
თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა თბილისში, რაფიელ აგლაძის ქუჩაზე („ელიავას ბაზრობის“ მიმდებარე ტერიტორია) მდებარე ხორცის საბითუმო და სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს, რის შედეგადაც 220 კგ ხორცი განადგურდა, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
შემოწმებული შვიდი ობიექტიდან შპს „ახალ ხორცში“ დაფიქსირდა 220 კგ ხორცი ვეტერინარული ნიშანდების გარეშე. პროდუქცია სააგენტოს ინსპექტორების ზედამხედველობით განადგურდა.
რას ვჭამთ: „დეზერტირების ბაზრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ხორცის მაღაზიები დალუქეს
გარდა ამისა, შპს „ჯი ემ ენ ხორცპროდუქტები“ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის გამო დაჯარიმდა.
„სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში სააგენტოს ინსპექტორები ასევე ამოწმებენ, აქვს თუ არა ობიექტებს დანერგილი HACCP-ს სისტემა, რომლის არქონის გამოც შპს „ნიკორას“ (აღნიშნულ ობიექტს არაფერი აქვს საერთო ანალოგიური სახელწოდების მარკეტების ქსელ „ნიკორასთან“) შეუჩერდა აღიარება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა პროფილის ბიზნეს-ოპერატორების სახელმწიფო კონტროლს, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული მომხმარებლის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ნათქვამია განცხადებაში.