Myway Airlines-მა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სასამართლოში უჩივლა

ავიაკომპანიას ავიაგადაზიდვების ჩამორთმეული ლიცენზიის სასამართლოს ძალით დაბრუნების იმედი აქვს.
Sputnik
თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. დაბალბიუჯეტიანმა ქართულმა ავიაკომპანია Myway Airlines-მა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წინააღმდეგ საჰაერო გადაყვანა–გადაზიდვის მოწმობის გაუქმების გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, ნათქვამია კომპანიის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
5 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიისთვის ლიცენზიის გაუქმების შესახებ განცხადება გაავრცელა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად დასახელდა კომპანიის აქციების 89%-ის მიყიდვა უცხოეთის მოქალაქისთვის, რაც საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა. კანონის თანახმად, საჰაერო გადაყვანა–გადაზიდვის მოწმობა გაიცემა საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომელშიც საქართველოს მოქალაქე ან ქვეყანაში დაფუძნებული იურიდიული პირი ფლობს აქციების 50%-ზე მეტს.
Myway Airlines-ი პრემიერ ღარიბაშვილს დახმარებას სთხოვს
ამ დღეებში კომპანიის ხელმძღვანელობამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას წერილით მიმართა, რომელშიც ავიაკომპანიისთვის ლიცენზიის გაუქმების მიზეზებით დაინტერესებისკენ მოუწოდა. წერილში ნათქვამი იყო, რომ საკითხი, რაზეც საავიაციო ხელისუფლება ავიაკომპანიას ედავება, ადმინისტრაციული წარმოების პროცესშივე გამოსწორდა.
Myway Airlines-ის მონაცემებით, კომპანიისთვის საჰაერო გადაყვანა–გადაზიდვის მოწმობის გაუქმება გამოიწვევს ყოველდღიურ ზარალს 100 ათასი დოლარის ოდენობით, რაც მოკლე პერიოდში ავიაკომპანიის გაკოტრებას ნიშნავს.