თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნულ სფეროში საქართველოს მიღწევების შესახებ ისაუბრა.
პრემიერის თქმით, კორუფციასთან ბრძოლაში საქართველოს წარმატებები რიგი საერთაშორისო რეიტინგებითაა დადასტურებული.
„მათგან ერთ-ერთია Trace International-ის კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის წლევანდელი კვლევა, რომლის მიხედვით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში და მსოფლიოს საუკეთესო 30 ქვეყანას შორის დასახელდა, ხოლო პირველი ადგილი დაიკავა იმ კომპონენტში, რომელიც მთავრობასთან მიმართებაში კორუფციის დაბალ რისკს აფასებს“, – დაწერა ღარიბაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე.
პრემიერის თქმით, კორუფციასთან ბრძოლაში საქართველო უსწრებს ევროკავშირის 13 სახელმწიფოს, რეგიონში კი უდავო ლიდერია.
„ეს შედეგი შესაძლებელი გახდა ჩვენი ხელისუფლების მიერ ანტიკორუფციული კანონმდებლობის, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისა და მთავრობის ღიაობის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების წყალობით“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ღარიბაშვილმა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით წარმატებებზე მანამდეც არაერთხელ ისაუბრა. მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად, კორუფციაზე კონტროლის მაჩვენებლით საქართველო 189 ქვეყანას შორის 45-ე, ევროპის ქვეყნებს შორის კი მე-19 ადგილზეა. როგორც მაშინ ღარიბაშვილმა აღნიშნა, 2012 წელს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით, საქართველო 62-ე ადგილზე იყო.